მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის

ტაქსი

20 მარტიდან შეწყდება ტაქსებისთვის ძელი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება“,- ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მანვე განმარტა, რომ რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება

„გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მიმოვიხილეთ ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე არსებული ვითარება.რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის.როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge/, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ტაქსის ნებართვისა და მთლიანად რეფორმის შესახებ.ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ გაიგზავნება თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად და როგორც ვთქვით, პირველი აპრილიდან ძალაში შევა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება“,- განაცხადა კალაძემ.