დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს თბილისობაა. დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას ღონისძიებებია დაგეგმილი. თბილისის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ქართლის დედა, რომლისაც უამრავი ადამიანი სტუმრობს.
გავიხსენოთ, როგორია ქართლის დედის შექმნის ისტორია.
1995 წელს თბილისის მერიამ გადაწყვიტა თბილისის 1 500 წლის იუბილეზე (1958 წელი) აღმართული ქართლის დედის ქანდაკების განახლება.
„გვინდოდა აღდგენილი ზეიმისთვის დაგვემთხვია თბილისისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმე“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თბილისის მაშინდელი მერი ნიკო ლეკიშვილი.
„ქანდაკება სრულიად გაძარცული, გამომპალი და გადახრილი იყო. ელგუჯა არ ელოდა ასეთ მდგომარეობაში თავისი ნამუშევრის ხილვას. ძალიან ინერვიულა, თბილისელებმა როგორ გაძარცვეს თბილისის სიმბოლოო. ისე ცუდად გახდა, რომ საავადმყოფოში დავაწვინეთ.
მოგეხსენებათ პირველი „ქართლის დედა“ გაკეთებული იყო ხისგან, რომელსაც ალუმინის ფირფიტები ჰქონდა დაკრული. სწორედ ეს ფირფიტები მოიპარეს. გადავწყვიტეთ, ჩამოგვესხა, მაგრამ არც ფული გვქონდა და არც - არაფერი. ჯერ კიდევ კუპონების პერიოდი იყო. დავუძახე ბიჭებს, დავთქვით, ნუ ვიტყვით ვინ ვართო. სულ 7-მა კაცმა დადო ფული. ძალაშია ეს დათქმა დღესაც. თბილისელები არიან. ნაწილი ცოცხალი აღარ არის. დამწყები ბიზნესმენები იყვნენ. ზოგმა 50 ათასი დადო, ზოგმა 70 ათასი,.... სულ შევაგროვეთ 350 ათასი დოლარი, რაც დიდი თანხა იყო.
მასალა არ იშოვებოდა, იური ლუჟკოვის დახმარებითა მოსკოვიდან ჩამოვიტანეთ მასალა. ელგუჯამ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოიყვანა ოსტატები, გააკეთა თაბაშირის მაკეტი. სამგორის რაიონში იყო მერიის კულტურის სამმართველოს სამხატვრო კომბინატი და იმ ტერიტორიაზე გავაკეთეთ. საბოლოო ჯამში, დავდგით ახალი ქართლის დედა. იმის გამო, რომ ქალაქი არ არცერთი წუთით არ დარჩენილიყო ძეგლის გარეშე, სამი მეტრის მოშორებით გავაკეთეთ ახალი ფუნდამენტი და იქ აღვმართეთ. ასე რომ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში ორი ქართლის დედა იდგა. ერთ ღამეში ვერ მოვასწარით. ამიტომ საღამომდე, 5-6 საათამდე იდგა ორი ქართლის დედა. ეს გაკეთდა 10 ოქტომბერს“, - უთხრა ნიკო ლეკიშვილმა რადიო თავისუფლებას