"მოქალაქეებს შეუძლიათ, მიწის ნაკვეთები უფასოდ დაიკანონონ" - როგორ უნდა გაიფორმოთ ნაკვეთი

მიწის ნაკვეთი

 მოქალაქეებს შეუძლიათ ვებსაიტზე ნახონ, როდის უწევთ განრიგით მიწის დარეგისტრირება, მაგრამ, როგორც ჩანს, კითხვები მაინც არის და მათ უპასუხებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა:

- სოფლებში დაიწყო მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორ უნდა დავარეგისტრირო?

- მოქალაქეებს შეუძლიათ მიწის ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაიკანონონ. ბევრს აქვს წინაპრებისგან დანატოვარი მიწა, წლებია სარგებლობენ, მაგრამ ოფიციალურად რეესტრში გატარებული  
არა აქვთ ეს ქონება და არც არანაირი საბუთი არ გააჩნიათ. ზოგს სახლიც კი აქვს აშენებული,­ მაგრამ საკუთრების უფლება ამ მიწის ნაკვეთზე არა აქვს. ახლა აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ პროცესით. თუ გაქვთ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვერ არეგისტრირებდით დოკუმენტაციის, აზომვითი­ ნახაზისთვის საჭირო საფასურის უქონლობის ან ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის ან სხვა მიზეზით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად შეასრულებს ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას. \უკვე ცნობილია მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს დაწყების დროც, მითითებულია, რომელ რაიონში, სოფელში როდის შეიძლება მიწის უფასოდ დარეგისტრირება. ეს პროცესი 2024 წლამდე­ უნდა დასრულდეს­. თუ გადაწყვეტთ მიწის დარე­გისტრირებას და დაელოდებით თქვენს რიგს, მაშინ საფასურის გადახდის გარეშე მიიღებთ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით-აზომვით სამუშაოებს; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმებას; სანოტარო მედიაციას; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას; ფაქტების კონსტატაციას; მიწის ნაკვეთის­ ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენას; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაციას. ასე რომ, სხვადასხვა სახელ­მწიფო უწყებაში სიარული და დამა­ტებითი ხარჯის გაწევა აღარ მოგიწევთ. შეგიძლიათ დაირეგისტრიროთ როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტით გაცემული მიწები, ასევე თვითნებურად დაკავებული ტერიტორიებიც.

- რა საბუთებია საჭირო მიწის რეგისტრაციისთვის?

- თუ გაქვთ რაიმე უფლე­ბის დამადასტურებელი­ დოკუმენტი, წარადგინეთ, ამის შემდეგ საველე სამუშაოების ჯგუფი ნახაზებს­ თავად მოამზადებს. კანონმდე­ბლობით დადგენილი წესით უფლების დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათი; საკომლო წიგნიდან ამონაწერი; ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მიწის აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება; მებაღეობის ამხანაგობის გაცემული მებაღის წიგნაკი; მიწის გადასახადის გადამხდელთა სია; მიწის განაწილების სია; მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი; სასამართლოს აქტი; სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მისი მართლზომიერი ფლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და ა.შ.

წყარო: