19 კილოგრამი ნარკოტიკის შემოტანას საქართველოში იაპონიის მოქალაქე ბანგკოკიდან ცდილობდა - 37 წლის კაცი დაფასოებულ მარიხუანას სამგზავრო ჩანთაში მალავდა

 ნარკოტიკი

19 კილოგრამი ნარკოტიკის შემოტანას საქართველოში იაპონიის მოქალაქე ბანგკოკიდან ცდილობდა. 37 წლის კაცი დაფასოებულ მარიხუანას სამგზავრო ჩანთაში მალავდა. აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრს სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს.

პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული დიდი რაოდენობით მარიხუანა მებაჟეებმა სკანირების აპარატში შეამჩნიეს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო ჩემოდანი მოგვიანებით სპეციალურ სივრცეში გადაიტანეს და სამართალდამცველებთან ერთად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება დაკავებულის ვინაობა - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული მამაკაცი 37 წლის იასუჰიტო საკაიაა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში იაპონიის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.