ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება - გაბუნია დეტალებს განმარტავს

ონკო პაციენტი ბავშვები

ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე - სამკურნალო მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ონკოლოგიურ პაციენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, ისეთი მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისიც მიიღონ, როგორიც პროტონოთერაპიაა.

აღნიშნულ საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საერთაშორისო ბაზრის კვლევა, იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა ამ მიმართულებით, ინტერესი გამოხატონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.

„ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია სამინისტროს პრიორიტეტია. გასულ წელს, ისრაელის იხილოვის კლინიკასთან, თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე, ესპანეთთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. ამ ეტაპზე, პროექტის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია.

ყოველწლიურად, სამწუხაროდ, ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.

ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისების შეთავაზება მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამდენად პროექტი, რომელიც სამინისტრომ მოამზადა, იმის შესაძლებლობის შექმნის, რომ მათ სრულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, უახლესი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებით. მათ შორისაა, პროტონოთერაპიაა. ასევე, რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ჩარევების წარმოება და სხვა ინტერვენციები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება დამატებითი სერვისი, თუმცა ეს სერვისი იქნება ხსნა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დღეს ეს ძალიან სჭირდება.

საუბარია წელიწადში დაახლოებით, 300 ბავშვზე. ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები. ვფიქრობთ, ეს მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხს.

აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამინისტროს ცნობითვე, საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. შედეგად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.