თენგიზ ცერცვაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

cercvadze

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და დეტალურად აწვდის ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა დღეისთვის COVID-19-ის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 787 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1826 ახალი შემთხვევა) მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 13 737 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1962 ახალი შემთხვევა). მათგან კლინიკებში კვირის ბოლოს მკურნალობდა 850 პაციენტი (6,7%), ხოლო დანარჩენი 11 936 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 73 436 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,41%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 0.95, რაც ასევე ინფექციის გავრცელების კლების ტენდენციებზე მიუთითებს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბოლო თვეებში COVID შემთხვევების მატების და COVID ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების 8 შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1 გარდაცვალება), რაც მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით.

სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ხუთი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. ასე მაგალითად: საქართველოში ბოლო 5 თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გვქონდა COVID-19-ით 37 გარდაცვალების შემთხვევა. მაშინ როდესაც COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებშიც კი გარდაცვალების შემთხვევები ბევრად მეტი იყო: აშშ (204 გარდაცვალება 5 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), ავსტრია (366 გარდაცვალება), დიდი ბრიტანეთი (317 გარდაცვალება), გერმანია (199 გარდაცვალება), იტალია (263 გარდაცვალება), ესპანეთი (215 გარდაცვალება), საფრანგეთი (173 გარდაცვალება), ფინეთი (437 გარდაცვალება), შვედეთი (146 გარდაცვალება), დანია (196 გარდაცვალება), ისლანდია (221 გარდაცვალება), ლიტვა (159 გარდაცვალება), ლატვია (173 გარდაცვალება), ესტონეთი (132 გარდაცვალება), მოლდოვა (78 გარდაცვალება), ისრაელი (114 გარდაცვალება), იაპონია (102 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (185 გარდაცვალება), ავსტრალია (291 გარდაცვალება), ახალი ზელანდია (479 გარდაცვალება) და ა.შ.“,- ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.