WizzAir საქართველოში ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავს

ვიზიარი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ჯოსეფ ვარადის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება, დადებითად შეფასდა მისი აღდგენის პროცესი, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ასევე ტურისტული სფეროს განვითარებაზე. ასევე, აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

“შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის საქმიანობა საქართველოში და აღინიშნა, რომ წელს 10 წელი შესრულდა, როდესაც Wizz Air-მა პირველი რეისი განახორციელა საქართველოში. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, კოვიდ-პანდემიის გამო გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, Wizz Air აქტიურად განაგრძობს აღდგენას, განსაკუთრებით, პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომელთა შორისაც საქართველოა.

ითქვა, რომ WizzAir აქტიურად მუშაობს საქართველოდან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე და კომპანიის განვითარების შესაბამისად იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა, ასევე მარშრუტების დამატება ახალი მიმართულებით”, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.