რატომ დაიწყეს წისქვილ-კომბინატებმა დახურვა

ხორბალი

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია" მთავრობის წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებთან ერთობლივი ფორმატის შეხვედრას ითხოვს.

„ჩვენი მოთხოვნაა პრემიერთან შეხვედრა და ეკონომიკური გუნდის პირველ პირებთან შეხვედრა. პრობლემა, რომელიც ჯერ ისევ დღის წესრიგში დგას, სულ უფრო ღრმავდება და დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ფაქტობრივად უკვე დიდი წისქვილები იწყებენ გაჩერებას, რაც შესაბამისად არის ძალიან დიდი პრობლემა.

წინა წელს გაჩერდა დაახლოებით 10-მდე წისქვილ-კომბინატი, წელს უკვე ეს ტენდენცია გადავიდა დიდ წისქვილ-კომბინატებზე, წინა წელს ეს იყო საშუალო და მცირე კომბინატები და შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზულად დაეტყობა ბაზარს.

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ფასები იყო ძალიან მაღალი, მსოფლიოს პირველმა ექსპორტიორმა რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი. ამ ბაჟის დაწესების შედეგად, მოხდა ის, რომ ძველად არსებული საიმპორტო გადასახადი, რომელიც 0 - ის ტოლი იყო ხორბალზეც და ფქვილზეც, შეიცვალა და ბაჟის დაწესების შემდეგ 1 ტონა ხორბლის შემოტანაზე ფასი 98 დოლარია, ეს მაშინ როდესაც ფქვილზე ფასი იგივე ანუ 0 ლარი დარჩა. ამ დისბალანსმა გამოიწვია, რომ ზაფხულიდან საქართველოში დაიძრა ფქვილის აგრესიული იმპორტი და თუ ჩვეულ პერიოდში, როდესაც ნულოვანი გადასახადი იყო ორივე პროდუქციაზე ფქვილზეც და ხორბალზეც, ბალანსი იყო, შემდეგი რომ 1000 ტონა ფქვილი და 60 000 ტონა ხორბალი შემოდიოდა თვეში, დღეს ბალანსი მკვეთრად შეცვლილია და მივედით იქამდე, რომ დეკემბრის თვეში უკვე შემოვიდა 7 000 ტონამდე ფქვილი და 6 000 ტონამდე ხორბალი, რამაც ძალიან სერიოზულად გადაალაგა ბაზარი. მცურავი ბაჟის შედეგად აზრი დაკარგა ხორბლის შემოტანამ საქართველოში და ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილ-კომბინატებმა დაიწყეს დახურვა, რიგმა წისქვილკომბინატებმა კი თავად დაიწყეს ფქვილის შემოტანა“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.