1731614151
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი საჯარო განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას აფასებს და სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ სთავაზობს შეხვედრას მის მიერ წარდგენილ “სასამართლოს მეგობრის” პოზიციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2022 წლის 05 აგვისტოს, სასამართლომ, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ და ვასო ურუშაძის, ასევე ლაშა ფარულავას მიერ გავრცელებული ყველა სადავო განცხადება ცილისწამებად იქნა აღიარებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დაეკისრათ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა საჯაროდ. ასევე თითოეულ მათგანს დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაცია 5000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რის გამოც თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური, მხოლოდ ფაქტებზე და სამართლებრივ არგუმენტაციაზე დაფუძნებული ინფორმაცია.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვები გაგრძელდა გონივრულ ვადებში, ოთხ თვეზე მეტხანს და ჩატარდა 6 ძალიან ვრცელი, რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომა, რაც მსგავსი კატეგორიის დავებისათვის იშვიათია და ასახავს საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის თვალსაზრისით სასამართლოს აშკარა დაინტერესებას. შესაბამისად სრული სიცრუეა განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსამართლე ცდილობდა პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად და შემჭიდროებულ ვადებში ჩაეტარებინა.
საქმეზე დაიკითხა სულ 6 მოწმე, საიდანაც ჩვენი, როგორც მოსარჩელის მიერ დასახელებული იყო 2 მოწმე, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული იყო 4 მოწმე. რაც შეეხება მოწმის სახით პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწვევის შესახებ შუამდგომლობას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოპასუხე მხარე ვერ უთითებდა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, ან გარემოებას, თუ რა უნდა დაედასტურებინათ მითითებულ მოწმეებს. სასამართლო სხდომაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოწვევა, იმთავითვე მიმართული იყო პროცესის პოლიტიკურ შოუდ ქცევისკენ, რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა.
ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ მოპასუხეებზე მორალური ზიანის სახით კომპენსაციის დაკისრებასა და მის ოდენობაზე. როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტით, ცილისწამების სარჩელზე, როგორც წესი, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ სადავო განცხადებების ცილისწამებად აღიარების შემთხვევაში, ხდება, მეორე სასარჩელო მოთხოვნის, ანუ მორალური ზიანის ნაწილში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან თავისი არსით, საჯარო ცილისწამება და განსაკუთრებით დანაშაულის დაბრალებით ცილისწამება, თავისთავად წარმოქმნის მორალური ზიანის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად ამ მხრივ სასამართლოს რაიმე ახალი, განსაკუთრებული, ან მითუმეტეს, „პრეცედენტული“ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გაცნობის შემთხვევაში. ზიანის ოდენობად 5000 ლარის დაკისრება კი ისეთი წინასწარგანზრახული, კამპანიური ხასიათის ცილისმწამებლური ბრალდებების ფონზე, რასაც თვეების განმავლობაში ორკესტრირებულად ახორციელებდნენ მოპასუხეები, არის აშკარად სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი ლოიალობის აქტი მოპასუხეების მიმართ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორც თავიდანვე მივუთითებდით (ეს შავით თეთრზე წერია სარჩელში), მატერიალური ნაწილი არ წარმოადგენდა ჩვენს ინტერესს და ნებისმიერი თანხა, რაც არ უნდა დაჰკისრებოდათ მოპასუხეებს, მიემართებოდა ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად, რომელსაც პატრონაჟს უწევს ბატონი უჩა მამაცაშვილი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხე მხარის სპეკულაციური განცხადებები, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების მათზე გადაკისრების თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ხარჯების განაწილების ამგვარ პრინციპს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს და სასამართლომ იმოქმედა სწორედ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
და ბოლოს, არ შეგვიძლია წუხილი არ გამოვთქვათ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ სრულიად არაკომპეტენტური განცხადების გამო, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში. თან იმ დროს, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მხარეებსაც კი არ ჩაბარებიათ და შესაბამისად გარეშე პირისათვის შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტური შეფასება. “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიზებული, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის სურვილის შემცველი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მისწრაფებას, სასამართლო დავა გამოიყენონ მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებისათვის. ეს პროცესი ასევე საბოლოოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული კერძო პირების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციას, ისევე როგორც მის სპიკერებს,არაფერი აქვთ საერთო არც არასამთავრობო სექტორთან და მითუმეტეს, ადამიანის უფლებების დაცვასთან.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას შეხვედრას და საგნობრივ საუბარს, როგორც სასამართლოსათვის მის მიერ წარდგენილ, ჩვენი აზრით, მიკერძოებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ ცილისწამებად აღიარებული განცხადებების ირგვლივ.
ჩვენ, როგორც ბატონი უჩა მამაცაშვილის ადვოკატები ვადასტურებთ მზადყოფნას შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი და ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, თუ მედიის წარმომადგენელთან. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს შეთავაზება ეხება საზოგადოებისთვის შესაძლო საინტერესო სხვადასხვა საკითხებსაც და არა მხოლოდ მიმდინარე სასამართლო დავას, რომელიც სრულიად გამჭვირვალედ, ობიექტურად და არსებული ეროვნული, თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად იქნა წარმართული.“
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას მიერ, მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ბრალდება ცილისწამებად იქნა აღიარებული, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარი დაეკისრა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადებით მოხუცებულთა თავშესაფარს გადაერიცხება", - აცხადებს მამაცაშვილის ადვოკატი.
ინფორმაციისთვის: ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” დირექტორის მოადგილე და საქართველოს რკინიგზის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2017 წლიდან საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ს აფუძნებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე ბიზნესს ფლობს. ფონდის ვებგვერდის თანახმად მისი პროექტებია: სასტუმრო „მელიქიშვილი ინნ“, „Illy Cafe საქართველო“, ფარმაცევტული საწარმო GeoOrganics-ი.