ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2025 წლისთვის ბევრი მოვლენა იწინასწარმეტყველეს - რომელი მათგანი ახდა

ვანგა და ნოსტრადამუსი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ასტროლოგი ნოსტრადამუსი და ბულგარელი ვანგა ათწლეულების წინ გარდაიცვალნენ, მათი სახელები დღემდე უკავშირდება პროგნოზებს, რომელთა ნაწილი რეალობად იქცა.

როგორც The Daily Mail წერს, ნოსტრადამუსს ხშირად მიაწერენ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური დაბომბვის წინასწარმეტყველებას, ხოლო ვანგას 11 სექტემბრის ტერაქტებსა და COVID-19-ის პანდემიას.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები 2025 წლისთვის
ნოსტრადამუსი თავის ცნობილ ნაშრომში Les Prophéties წერს ინგლისში სასტიკ ომებზე, შიდა და გარე მტრებზე და „დიდი ჭირის“ დაბრუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი პირდაპირ ომში არ ჩართულა, მსოფლიო კონფლიქტებისგან თავისუფალი არც 2025 წელი ყოფილა, უკრაინაში ომი გაგრძელდა, ხოლო ღაზაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.

რაც შეეხება „დიდ ჭირს“, მასშტაბური პანდემია არ დაფიქსირებულა, თუმცა ბრიტანეთში სპეციალისტები ზამთარში ე.წ. „სუპერ გრიპზე“ საუბრობდნენ.

ნოსტრადამუსი ასევე წინასწარმეტყველებდა, რომ 2025 წელს „დიდი ძალები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ“, ხოლო დასავლეთის გავლენა შესუსტდებოდა. მიმდინარე მოვლენები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რუსეთის განცხადებები ევროპასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ, ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა ამ პროგნოზს ნაწილობრივ ემთხვევა.

ასტროლოგი ასევე საუბრობდა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მნიშვნელოვან პროგრესზე. 2025 წელს მართლაც აღინიშნა მნიშვნელოვანი მიღწევები: ტუბერკულოზის ვაქცინის კვლევები, სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების (Ozempic, Mounjaro) ფართო გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კიბოს განვითარების რისკის წინასწარ განსაზღვრა.

ნოსტრადამუსის ტექსტებში ნახსენები „ხანგრძლივი ომი“, რომელმაც ორივე მხარე გამოფიტა, ბევრისთვის უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულება ჯერ არ დადასტურებულა, საერთაშორისო პოლიტიკაში მისი დასრულების მცდელობები სულ უფრო აქტიურად განიხილება.

ნოსტრადამუსი კლიმატურ კატასტროფას პროგნოზირებდა ბრაზილიაში, სადაც ამაზონის ტყეების დიდი ნაწილი მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მონაცემმა წელს ტყეების გაჩეხვის შემცირება აჩვენა, უკანონო მოპოვება და გვალვები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. 

ვანგას წინასწარმეტყველებები 2025 წლისთვის
ვანგას ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წინასწარმეტყველება ადამიანებისა და უცხოპლანეტელების კონტაქტს ეხებოდა. ზოგიერთი ამ ხედვას 3I/ATLAS-ის სახელით ცნობილ კოსმოსურ ობიექტს უკავშირებდა, თუმცა NASA-ს შეფასებით, ის ჩვეულებრივი კომეტაა.

ვანგა ასევე ამბობდა, რომ 2025 წელი მიწისძვრებით იქნება სავსე. მართლაც, წელს ძლიერი მიწისძვრები დაფიქსირდა ფილიპინებსა და ავღანეთში, რასაც მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა.

ვანგა ევროპაში დამანგრეველ ომზეც საუბრობდა. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ბევრისთვის ამ წინასწარმეტყველების რეალიზაციის მაგალითად მიიჩნევა. 

ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებების ნაწილი რეალურ მოვლენებთან მართლაც გარკვეულ მსგავსებას აჩვენებს, თუმცა მათი ტექსტების სიმბოლურობა და ბუნდოვანება ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხოლო ახდა თუ არა მათი პროგნოზები, ეს ხშირად უფრო რწმენისა და აღქმის საკითხია.