რისი იმედი აქვს მომჩივანს, რომლის სარჩელის გამოც გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

18:01 08-01-2019
16

„გამოძიება  შეისწავლის დოკუმენტებს. თუ კი დარწმუნდა ჩვენი განცხადების სისწორეში და მიღებულმა ჩვენებები გამოძიებას მიიყვანს დასკვნამდე, რომ ჩვენს განცხადებაში მითითებული გარემოებები რეალურია, ცხადია, ნიკა გვარამიას ბრალდებას წარუდგენენ. მაქვს სამართლიანი გამოძიების იმედი“, - ასე ეხმაურება პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარებას „რუსთავი 2“-ის წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატი. გამოძიება გვარამიას წინააღმდეგ სწორედ ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, საქმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უსაფუძვლოა.

„ნიკა გვარამიასაც და რუსთავი ორის სხვა დომინანტებსაც მუდმივად აქვთ პოზიცია, რომ ეს პოლიტიკური მოტივია.  მიეცათ ნინო ნიჟარაძისთვის წილის ღირებულება და აღარ ექნებოდათ პოლიტიკურ მოტივებზე საუბრის საფუძველი. აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ როდესაც ხარ დაპირისპირებული ერთ-ერთ მხარესთან გარკვეული სიტუაციები გამოვიყენოთ. ჩვენ ამაში უცნაურს  ვერაფერს ვხედავთ, რომ შეცვლილი ფონი გამოვიყენოთ მოწინააღმდეგეების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პრაიმტაიმთან ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა. გვარამია კი იქ მისვლას არ აპირებს და მოსამართლესთან გამოკითხვაზე მისვლას გეგმავს.

ავტორი: თორნიკე ხურციძე