მუქარა რუსულ ენაზე - გუშინ თბილისის კლინიკაში და ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის შესახებ შეტყობინება მიიღეს

10:45 08-01-2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პოლიციამ მუშაობა დღეს დაასრულა და შენობაში დღეიდან, პირველი აგვისტოდან სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ განახლდა.

პოლიცია გუშინ, უნივერსიტეტის შენობაში ნაღმს ეძებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

„უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება. სათაურში ეწერა, რომ „უნივერსიტეტში“ ბომბია და აფეთქდება შემდეგ 48 საათის განმავლობაში. დავურეკეთ შესაბამის ორგანოებს. მოხდა მყისიერი რეაგირება“, - გვითხრეს ბათუმის უნივერსიტეტში.

არსებული ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათზე ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, რუსულ ენაზე შევიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტის შენობაში ბომბი იყო. გუშინვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს. 

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა სამედიცინო კვლევით კლინიკა „ჰელსიკორს“, სადაც გვითხრეს, რომ სავარაუდოდ იმავე შეტყობინება მიიღეს მათაც და პოლიციამ ვერც მათ კლინიკაში აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. „ჰელსიკორეში“ დაგვიდასტურეს, რომ შეტყობინება რუსულ ენაზე იყო დაწერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება გრძელდება. კავშირშია თუ არა ეს სამივე მუქარა ერთმანეთთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე