აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა ექვსი პოლიციელი - შსს

აქცია

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 63 პირი დააკავეს“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, დარახველიძის ცნობით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ცნობით, დაშავებული სამართალდამცველები, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.