ადვოკატი ნიკა მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს 

13:50 06-29-2019
70

ნიკა მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციოს საჩივრით უკვე მიმართა.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიას მიერ დაწესებული შეზღუდვიდან ორს - საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების აკრძალვას და მომავალ მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვას ასაჩივრებს.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, ბუნდოვანია ის შეზღუდვა, რომ ნიკა მელიას მომავალ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

მისივე თქმით, მელია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშლება იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის საგამოძიებო ორგანოს უნდა აცნობოს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.

მელიას ეკრძალება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, მოწმეებთან კომუნიკაცია.

ასევე, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.