არასრულწლოვანმა, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა, ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა

16:08 06-12-2019
13

10 ივნისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩაქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, 02:09 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ გატაცებულ ავტომანქანას 2001 წელს დაბადებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ.წ. მართავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

როგორც უწყებაში განმარტეს, მასთან ერთად ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

„ის, რომ ამჟამად დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ. მათ შორის ისინი, ვის ავტომანქანასაც კ.წ. შეეჯახა და ამის შემდეგ არასრულწლოვანს გატაცებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ. კ.წ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.

მათივე ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და მისი დაკავება მომხდარიდან 12 საათის გასვლის შემდეგ განხორციელდა.

ბრალდებულმა უარი განაცხადა ყველა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე და შესაბამისად, არ არსებობს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გახმაურებული იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არასრულწლოვნის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა უნდა დაედგინა.

კ.წ.-ს ჩაუტარდა მხოლოდ ალკოტესტი, რომელმაც გარკვეული დროის გასვლის გამო, ალკოჰოლური თრობა ვეღარ დააფიქსირა.