კახა გოგოლაშვილი: თუ შტატები დაინახავს, რომ პოლიტიკური რისკი მაღალია, ანაკლიის პორტის განვითარებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

12:17 06-12-2019

“სახელმწიფო მდივნის ღია გზავნილი ნიშნავს იმას, რომ  შტატები დაგვაკვირდება და თუ დაინახავს, რომ პოლიტიკური რისკი იქნება მაღალი, მაშინ პორტის განვითარებაში მონაწილეობას არ მიიღებს“- ასე შეაფასა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა “პრაიმტაიმთან ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, ასეთი ღია გზავნილის შემდეგ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ  ანაკლიის პორტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგეს.

“რა თქმა უნდა ანაკლიის პორტი ამერიკისთვის პირველი პრიორიტეტი არ არის, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტს სურს რომ ამერიკამ მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. იმედია, რომ ყველაფერი დასრულდება კარგად. სახელმწიფო მდივნის განცხადება ნიშნავს იმას, რომ შტატები დააკვირდება პროცესს. თუ საკითხი დადგება ისე, რომ პოლიტიკური რისკი იქნება მაღალი,მაშინ, რა თქმა უნდა, არ მიიღებს მონაწილეობას ამ პორტის განვითარებაში.“- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

როგორც გოგოლაშვილი განმარტავს, შეერთებული შტატების როლი ანაკლიის პორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ პროექტში მონაწილე კერძო ამერიკულ კომპანიებს რისკისგან სწორედ შტატების მთავრობა აზღვევს.

“თავად ამერიკის მთავრობა არ იღებს ფინანსურ მონაწილეობას საგარეო საინვესტიციო პროექტებში. თუმცა, მას გააჩნია დაზღვევის საშუალებები, რომლის მიხედვითაც, შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს რისკები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროექტში მონაწილეობას გადაწყვეტენ.“- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

მანვე აღნიშნა, რომ “პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.