Exclusive: ყელის გამოჭრით მემუქრებოდა, შემდეგ იმ ბიჭს გაეკიდა - რას ყვება ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი

15:14 06-09-2019
2547

პირმა, რომელიც გუშინ 35 ლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე დააკავეს, მანამდე ქალი დააყაჩაღა, შემდეგ კი ცივი იარაღით გამვლელებს ემუქრებოდა. 

„პრაიმტაიმი“ ნინოშვილის ქუჩაზე გუშინ მომხდარი თავდასხმისას დაზარალებულ ქალს ესაუბრა, რომელიც ფაქტებს დეტალურად აღწერს. დაზარალებული 43 წლის ციცინო ზარქუაა

„ქუჩაში მივდიოდი და თან ტელეფონზე ვსაუბრობდი, როდესაც საპირისპირო მხრიდან მომავალმა ახალგაზრდა კაცმა გამაჩერა. მომთხოვა ტელეფონი გამეთიშა. ამის შემდეგ უკვე შეურაცხყოფასა და ხელის შეხებაზე გადავიდა. მალევე ყელზე დანა მომაბჯინა. მითხრა, თუ პოლიციას დაუძახებ ყელს გამოგჭრიო. საყურის ჩამოგლეჯას ცდილობდა.. ვუთხარი, 5 ლარი ღირს მე თვითონ მოგცემ მეთქი. ვეუბნებოდი ფულის გამო რატომ მკლავ რაც მაქვს მოგცემ მეთქი. ჩანთა გავუხსენი და მიზერული თანხა რაც მქონდა ყველაფერი მივეცი. ამ დროს ხმაურზე ერთი უცხოელი ბიჭი მოვიდა, ქართულად არ საუბრობდა და დამეხმარა. სავარაუდოდ ევროპელი იყო, ცდილობდა ჩანთის დარტყმით მოეგერიებინა. შემდეგ კიდევ ერთი გოგო გამოჩნდა. ისე მოხდა, რომ მე ხელი გამიშვა და მათ უქნევდა დანას. შემდეგ ის ბიჭი გამოჩნდა, რომელიც დაჭრილია. ყვიროდა ქალს ხელი არ ახლოო.. ამ დროს უკვე მას გაეკიდა. მე თავი ეკლესიის ეზოს შევაფარე და შემდეგ არ დამინახავს რა მოხდა“,- ამბობს ციცინო ზარქუა. 

გარდა ამისა, დაზარალებული ამოცნობის პროცესის დროს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ყვება, რომ დაკავებულმა ამ დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

„ამოსაცნობად ეკლესიასთან მიმიყვანეს. პოლიციელები ძლივს აკავებდნენ იმდენად აგრესიული იყო. მაინც დარეკე პატრულთან შე ბ..ოო მითხრა და მუცელში წიხლი ჩამარტყა. ძალიან შეშინებული და დასუსტებული ვიყაავი.. ცუდად გავხდი“, - იხსენებს 43 წლის ქალი.

ფაქტი გუშინ საღამოს ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ი.ქ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავდასხმის მსხვერპლის დაცვას ცდილობდა და თავად დაიჭრა 25 წლის არის.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.