გია ყანჩელი - ძალიან გამიჭირდება გია დანელიას გარეშე ცხოვრება

23:24 04-05-2019
285

ომპოზიტორი გია ყანჩელი სამძიმარს უცხადებს რეჟისორ გიორგი დანელიას ოჯახს. საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, მან კინორეჟისორთან მუშაობის პერიოდები გაიხსენა.

„არ მეგონა, ასეთი დღე დამიდგებოდა. მე და გია ბოლო წლებში ტელეფონით ხშირად ვლაპარაკობდით სიკვდილზე, ვინ უფრო ადრე წავიდოდა. გია დანელია გახლდათ ჩემი ცხოვრების, ჩემი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი. მასთან მუშაობა იყო საკმაოდ რთული, შვიდი ფილმისთვის მაქვს დაწერილი მუსიკა.

ეს ყველაფერი დაიწყო 60-იან წლებში ფილმით „არ დაიდარდო“. მადლიერი ვარ მისი. ბევრი რამ ვისწავლე, შრომა ვისწავლე, არასასურველი მასალისგან გათავისუფლება. ის გახლდათ არაჩვეულებრივად მუსიკალური პიროვნება, ზუსტად იცოდა, რა სჭირდება და ამას აღწევდა. თვითონაც შეეძლო დაკვრა, მაგრამ მაწვალებდა. როცა რამეს ვასმენინებდი, ჩემს თითებს შორის გაჩნდებოდა მისი თითი, იღებდა რაღაც ბგერას. ვეუბნებოდი, ეს არ შეიძლება, გია, ასე არ გამოვა-მეთქი. საბოლოო ჯამში, აღწევდა იმას, რაც სურდა.

მისი ყველა ფილმი მიყვარს. სამწუხაროდ, ჩვენთან მას აღიქვამენ, როგორც კომიკური ჟანრის ბრწყინვალე წარმომადგენელს. ჩემთვის გია დანელია არის უფრო ტრაგიკული – ამ სიცილისა და სიამოვნების უკან ჩვენი ცხოვრების სიდუხჭირეა გადაწყვეტილი საკმაოდ მსუბუქ ფორმებში.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და რეზო გაბრიაძეს, ვინაიდან მე, რეზომ და გიამ გავიარეთ საინტერესო და საკმაოდ მდიდარი ცხოვრება. ძალიან გამიჭირდება მის გარეშე ცხოვრება“, – აღნიშნა გია ყანჩელმა.