„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები განახლდა - რისი უნდა გვეშინოდეს

19:26 02-14-2019
207

ქეთი ხატიაშვილი

ეკონომიკური პატრიოტიზმი თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი? საქართველოს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები სწორედ ამ არჩევანზე გაივლის.

გამოვავლენთ პატრიოტიზმს და გადავიხდით ძვრის გაზში თუ ვიქნებით პრაგმატულები და შევქმნით კონკურენტულ ბაზარს... თუმცა, ისე ჩანს, რომ ჩვენ ჯერ არც ერთი გვესმის ბოლომდე და არც მეორე შეგვიძლია კვალიფიციურად. ურაპატრიოტიზმის და პოპულიზმის სივრცეში გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს.  

არადა, თეორიულად თითქოს ყველა მზად არის დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა, გადაიხადოს გაზში ევროპული ფასი, მაგრამ საკმარისია გაზის ქვითარს დავხედოთ, ან გაზის ტარიფის გაზრდის საფრთხე დავინახოთ, რომ სოციალური აფეთქების ზღვართან ვდგავართ, თითი შეიძლება სომხეთისკენ გავიშვიროთ ან ბელორუსიისკენ - ისინი ხომ ახერხებენ მოსკოვთან მოლაპარაკებას? და მერე რა, ერევანი თუ უკვე ევრაზიული კავშირის წევრია და ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, ფულის გადახდა პრაქტიკაში იმდენად არ მოგვწონს რომ ფასს უკვე ვუყურებთ არა როგორც გაზპრომის მიერ დაწესებულ პოლიტიკურ საფასურს, არამედ, როგორც ხელისუფლების გადაგდების მორიგ მიზეზს.    

ისე ჩანს, თითქოს პატრიოტიზმზე აბსტრაქტული და რომანტიკული შეხედულებები უფრო გვაქვს, ამიტომაც, ის  ყოფით ცხოვრებაში აღარ მიგვყვება...

ნუ პრაგმატულ პოლიტიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ბაქოსა და მოსკოვს შორის თამაში ფასებზე კონკურენციის მოტივით შეიძლება აქ გაფორმდეს როგორც „ღალატი“, „პუტინის მონობა“ და ასე შემდეგ. საფუძველი ასეთ შიშებს აქვს - რუსეთი მუდმივად იყენებდა ამ ბერკეტს თბილისის წინააღმდეგ, თუმცა, მეორეს მხრივ, ბერკეტები მას ახლაც რჩება. იგივე გაზის ტრანზიტის სფეროში ტარიფების ცვლის გზით.

ამიტომაც, ახლა, როცა თბილისსა და „გაზპრომს“, იგივე კრემლს, შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რა გასაკვირია, რომ ჩვენ ბევრს ვივიშვიშებთ ტარიფზე, ოპოზიცია კიდევ უფრო ბევრს ივიშვიშებს ხელისუფლების „უნიათობაზე“, რეალობა კი იქნება სხვა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ დაადასტურა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. აღნიშნა მხოლოდ, რომ ქართული მხარე ცდილობს მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოს. 

მოგების თვალსაზრისით უპრეცენდენტო ხელშეკრულება საქართველოს ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის უკან პირობები შეიცვალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ „რუსული ინტერესები გაატარა“ და „პუტინის დაკვეთა შეასრულა“. ასეთი ბრალდებები უკვე შაბლონურია - 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისმის - მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ურაპატრიოტულ და პოპულისტურ განწყობებს უფრო კარგად ვგრძნობთ, შესაბამისად, მითებს უფრო იოლად ვიჯერებთ.  

 

როგორია რეალობა?

 

1992 წელს თენგიზ სიგუამ და თენგიზ კიტოვანმა გადაწყვიტეს რუსული გაზი საქართველოს ტერიტორიაზე არ გაეტარებინათ, შესაბამისად, ერევანს გაზის მიწოდება შეუწყდა. რუსეთს მაშინ სომხეთის გადასარჩენად საქართველოსთან უპრეცედენტო ხელშეკრულების გაფორმება მოუწია. მოსკოვი გაზის გატარების სანაცვლოდ თბილისს 10% უფასო გაზს უტოვებდა.

ხელშეკრულება უვადო არ ყოფილა – მას ყოველ წელს სჭირდებოდა განახლება. ის გრძელდებოდა ავტომატურად როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროს. და მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? 

საქმე ის გახლავთ, რომ როგორც კი ირანს ამერიკული სანქციები მოეხსნა, მოსკოვმა მაშინვე წამოუყენა თბილისს ულტიმატუმი. ირანი იმ ალტერნატივად გამოჩნდა, რომელიც ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს ჩაანაცვლებდა. ულტიმატუმიც ასე ჟღერდა: ან გაზის (იმ 10%-ის) ნაცვლად ფულის მიღება, ან ხელშეკრულების ანულირება. 

თუმცა, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირანი აქ განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა და მთელს პასუხისმგებლობას ექსკლუზიური პირობების გაუქმების მიმართულებით კალაძეს აკისრებს.   

თენგიზ სიგუას მიერ დადებული ხელშეკრულების გადახედვა სწორედ კახა კალაძეს მოუწია, ის მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო. „გაზპრომმა“ ახალი პირობების შესახებ საქმის კურსში პირველ რიგში სწორედ ის ჩააყენა.ამ ისტორიული და უპრეცედენტო ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი რომ ქართულ მხარეს არ ექნებოდა, ეს გასაგებია. 

 

 

პოლიტიკური ფასი

 

რა თქმა უნდა, გაზის ფასით მანიპულირების კვალი ბევრგან შეიძლება ვიპოვოთ. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ადრეც არაერთხელ წერდა.

ექსპერტებს კლასიკურ მაგალითად უკრაინა მოჰყავთ. 2013 წელს, როცა უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე უარი თქვა, „გაზპრომმა“ უკრაინას გაზის ფასი მნიშვნელოვნად შეუმცირა. ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმ დეტალსაც, რომ ფასის ცვლილების შესახებ განცხადება „გაზპრომმა“ კი არ გააკეთა, არამედ თავად პუტინმა. ამით კი მან დემონსტრაციულად მიანიშნა საკუთარ გავლენებზე.

თუმცა, მაიდანზე განვითარებული მოვლენებიდან სამ თვეში „გაზპრომმა“ ფასის მნიშვნელოვნად (თითქმის 100%-ით) გაზრდის თაობაზე პირველი განცხადებები გააკეთა.

„გაზპრომის“ „მსხვერპლთა“ სიაშია მოლდოვაც. 2013 წელს მან ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, პასუხად კი „გაზპრომისაგან“ მკვეთრი და ნათელი მესიჯი მიიღო გზის მოცულობის შემცირებაზე. ამ კონტექსტში საინტერესოა ლავროვის მოკლე, მაგრამ ბევრისმთქმელი ფრაზა: „იმედია, ზამთარში არ გაიყინებით“.

სხვათა შორის, საინტერესოა რომ მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირთან თანამშრომლობის სურვილი ღიად დააფიქსირა მოსკოვში გაზის საფასურის მომატებაზე ალაპარაკდნენ. ერევანი იძულებული გახდა ახალი რეალობა მიეღო და შეცვლილ ტარიფს დათანხმდა.  

 

 

ბაქო თუ მოსკოვი?

 

90-იანი წლების პოლიტიკოსები ამ შეკითხვაზე მაშინვე გიპასუხებენ: რა თქმა უნდა ბაქო, რუსეთზე დამოკიდებულნი არ უნდა ვიყოთ. თანამედროვე პოლიტიკა კი უპირატესობას დივერსიფიცირებას ანიჭებს. მილსადენების პოლიტიკა მუდმივად ცვალებადია - ის რაც ადრე საფრთხედ იკითხებოდა, ხვალ შესაძლოა უკვე რისკებს აღარ შეიცავდეს. კლასიკური მაგალითი უახლესი ისტორიიდან:

2005 წელს საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომისთვის” მიყიდვის იდეით სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე გამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სტივენ მანი ხელისუფლებას ურჩევს არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას.

2010 წელს 221 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი პარლამენტმა არასაპრივატიზაციო ობიექტების სიიდან ამოიღო. 

რატომ გახდა ეს შესაძლებელი? საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს რუსეთი საქართველოს გაზმომარაგების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. 2010 წელს კი საქართველოს ჰყავს გაზის ორი მომწოდებელი, აზერბაიჯანის კომპანია ”სოკარისა” და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის კონსორციუმის სახით. ამიტომაც, ამ მაგისტრალმა ადრინდელი ხიბლი და მნიშვნელობაც დაკარგა. 

ახლა საქართველომ რუსეთიდან მომავალ გაზსადენზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამცირა - როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ 2018 წელს რუსული გაზი საერთოდ არ გვიყიდია - მომწოდებლების დივერსიფიცირება მოახდინა - სამი არხით ვიღებთ უკვე გაზს რუსეთიდან ჩრდილოეთ-სამხრეთ გაზსადენის საშუალებით; აზერბაიჯანიდან გაზსადენით და სამხრეთ კავკასიური გაზსადენით - რუსეთთან მოლაპარაკებები სულაც არ არის ისეთივე საშიში და სახიფათო როგორც ეს 90-იან წლებში ან თუნდაც 2005 წელს იყო. ექსპერტების განმარტებით, ახლა ამ მოლაპარაკებებს ტაქტიკური ხასიათი უფრო აქვს. 

მაგრამ რა ვუყოთ იმას რომ საქართველოში 90-იანი წლების პოლიტიკური სტილი ჯერ კიდევ ცოცხლობს? ასე რომ, ახლა მითები უფრო დიდ რისკებს შეიცავს, ვიდრე რეალობა. მითების მიხედვით ხომ შევარდნაძეც რუსეთის აგენტი იყო, თუმცა, სწორედ მის დროს ჩაეყარა საფუძველი ისეთ სტრატეგიულ პროექტს როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ან რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანას; „მოღალატე“ იყო სააკაშვილი, რომელის დროსაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთმა იყიდა, დაიწყო აგვისტოს ომი, აფხაზეთი და ცხინვალი ჩააბარა მოსკოვს; და ეს ხელისუფლებაც პუტინის მონაა, მათ შორის იმიტომაც, რომ „გაზპრომთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. 

 

  

ფოტო: "რადიო თავისუფლება"