საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

აქცია

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით  მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და სისხლის ცენტრის დირექტორმა თამთა ლევიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, სისხლის ცენტრი დონაციის პროცესის განხორციელებას და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას უზრუნველყოფს,  რომელიც უსასყიდლოდ მოხმარდება იმ ბავშვებს,  რომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ.

დღესვე დედაქალაქის საკრებულოში,  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, რაიონების გამგებლებმა და გამგეობების თანამშრომლებმა მიიღეს.  აქციას  სს „საქართველოს კლინიკები“  -  ციციშვილის ბავშვთა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი გიორგი თედორაშვილი ესწრებოდა.

„თბილისის საკრებულოში დღეს გამართული სისხლის უანგარო დონაციის აქცია სისხლის დონორის მსოფლიო დღეს ეძღვნება. აქცია  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით ტარდება და წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას, რათა ერთად გავაკეთოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე და ვაჩუქოთ სიცოცხლე მათ, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. შეგროვებული სისხლი იმ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი,  ვისთვისაც თითოეული წვეთი სიცოცხლეს ნიშნავს“,  -  განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.