თქვენ გატყუებენ - ე.წ ვეიპები, რომლებიც გაჯერებულია „ტკბილი საწამლავით“, სინამდვილეში, სახიფათოა და თქვენს ჯანმრთელობას ანგრევს

„ტკბილი საწამლავით“ გაჯერებული ე.წ ვეიპები სინამდვილეში სახიფათოა და თქვენს ჯანმრთელობას ანგრევს

თქვენ გატყუებენ! გატყუებენ რომ ელექტრო სიგარეტი უვნებელია! რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომ ის დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში...- ეს დიდი ტყუილია!

ფერადი, სხვადასხვა ფორმის ელექტრომოწყობილობები, რომელიც მომხმარებელს საყვარელი კენკრის, ხილის არომატებით ხიბლავს, რეალურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი გამოყენებით ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.

არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.

ელექტრო სიგარეტების მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრო სიგარეტისა და ტრადიციული თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ მოზარდებში საგანგაშოდ გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი.

„საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ელექტრონული სიგარეტის, ე.წ. ვეიპის გამოყენების კუთხით. 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არის დაახლოებით, 15%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ 2015 წელს, მაშინ 7% იყო. როგორც ვვარაუდობდით, დღეს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 2-ჯერ არის გაზრდილი“,- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

 

                  ერთეული შემთხვევებიდან ეპიდემიამდე

 

2019 წლის აგვისტოში, ორეგანოს შტატში ვეიპინგთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაავადების გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ასაკი და სქესი გასაიდუმლოებული დარჩა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, ის კლინიკაში ივლისში, ლეგალურად შეძენილი მარიხუანის შემცველი პროდუქტის მოხმარების შემდგომ მოათავსეს. როგორც საქმის გამომძიებელი, ექიმი ენ ტომასი ამბობდა, გარდაცვლილი "სხვა მხრივ ჯანმრთელი იყო და უეცრად მძიმედ დაავადდა".

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოუწოდა ადამიანებს, თავი შეეკავებინათ ვეიპინგისთვის საჭირო სითხეების ქუჩაში შესყიდვისგან და ასევე შეეწყვიტათ ვეიპების თვითნებური გადაკეთება. თუმცა ორეგონის შემთხვევამ ეს რეკომენდაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა: ამჯერად ვეიპინგისთვის განკუთვნილი სითხე ოფიციალურ მაღაზიაში იყო ნაყიდი.

ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვიცით რა არის უსაფრთხო,- თქვა ექიმმა ენ ტომასმა, რომელიც ამ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზს იკვლევდა.

                                               

                    „არ არსებობს ხარისხიანი საწამლავი“

 

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.

არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი უდიდესი ნაწილი მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ელექტრო სიგარეტის შემადგენლობაში ასევე არის ნიკოტინი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, პროპილენ-გლიკოლი, დიაცეტილი, E ვიტამინის აცეტატი, ტეტრაჰიდროქსი, კანაბინოლი, მძიმე მეტალები, როგორიც არის მაგალითად ტყვია. მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს.

მკვლევრებმა გამოავლინეს ფილტვის კიბოს შემთხვევათა ტენდენციის ზრდა ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები.

„ვინაიდან მწეველთა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება, იზრდება ფილტვის კიბოს პროპორცია იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილა მწეველი. კერძოდ, მთელ მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებულ სიკვდილიანობაში მოწევა მეხუთე მთავარი მიზეზია“, — წერენ მკვლევარები.

ხველა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, შეშუპება და თავის ტკივილი - ეს გულის უკმარისობის ის სიმპტომებია, რომელსაც ელექტრო სიგარეტები იწვევს. თუმცა, საქმე მხოლოდ გულს არ ეხება. ელექტროსიგარეტი ფილტვის ისეთ დაავადებებს აჩენს, როგორიცაა  ასთმა, ტუბერკულოზი, ბრონქიტი - დაავადებათა სია ვრცელია.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფილტვების დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც "პოპკორნის ფილტვებს" უწოდებენ.

დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი მოზარდის მიერ სამი წლის განმავლობაში, ფარულად ელექტრო სიგარეტის, ე.წ. "ვეიპის" გამოყენება იყო.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ „პოპკორნის ფილტვების“ მკურნალობა ვერ ხერხდება. როდესაც ფილტვები უკვე დაზიანებულია, თერაპია მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბრონქოდილატორებისა და სტეროიდების გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევებში კი — ფილტვის გადანერგვას.

 

 

            რა მარკეტინგული ხრიკია ჩადებული დანამატების შექმნაში?

 

საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ თამბაქოს დანამატები ნაკლებსაზიანოა ჯანმრთელობისთვის. თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ათასობით დანამატს და ათობით არომატიზატორს იმისთვის, რომ პროდუქტს უფრო სასიამოვნო თვისებები მიანიჭოს - ინდუსტრიის მიზანია ახალგაზრდების და ახალდამწყები ადამიანების ადვილად მიჩვევა ამ პროდუქტებზე.

თამბაქოს ბაზარზე შეხვდებით მრავალი სახის დანამატს, რომელთა ჩამონათვალი არც მეტი, არც ნაკლები თქვენც გაცდუნებთ. ​მაგალითად, ნესვის არომატი, პიტნა, ანანასი, კაკაო და ა.შ.

საინტერესოა, რეალურად რა დგას ამ დანამატების შექმნის უკან? -  პირველები ალბათ იტყვით, რომ დანამატიანი სიგარეტის სუნი არ აღიზიანებს გვერდით მყოფს, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს და ა.შ. 

ეს დანამატებია: შაქარი; კანფეტის არომატები; მენთოლი; მიხაკი; დარიჩინი;​ ჯინჯერი; ვანილი; კაკაო; ხილის არომატები; ანისი; ალკოჰოლი.

მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ მენთოლი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანამატი თამბაქოს პროდუქტში. ის ამცირებს თამბაქოს კვამლით გაღიზიანების ეფექტს და ხველას თამბაქოს კვამლის შესუნთქვის დროს. სწორედ, ამიტომ ემატება მენთოლი თამბაქოს პროდუქტს - ეს განსაკუთრებულად იზიდავს მომხმარებლებს.

გარდა ამ მიმზიდველობისა, აღნიშნული დანამატები დამატებით ავლენენ სხვა თვისებებს, კერძოდ, წვის შედეგად, ეს პროდუქტები გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებას, რომელთა ნაწილი ხელს უწყობს ნიკოტინის სწრაფ შეწოვას და მის სწრაფ ათვისებას, რის გამოც ეს დანამატები ელექტრო სიგარეტზე მიჯაჭვულობას უფრო სწრაფად ავითარებენ.

შაქარი - არბილებს კვამლს და ადვილად შესუნთქვადია; სასიამოვნო არომატი აქვს კარამელს; შაქარი წვისას გამოყოფს აცეტილალდეჰიდს, ამცირებს მჟავიანობას და ზრდის ნიკოტინის შეწოვას

                           

           რა არის თამბაქოს ინდუსტრიის მითების ამოცანა

      

•შექმნას ან გაზარდოს „გასინჯვის სურვილი“

•წაახალისოს გასინჯვა/გამოცდა პროდუქტის ზომის, ფორმის, ფერის, არომატის გაახლებით/არჩევანით

•სენსორული თვისებების გაუმჯობესებით გახადოს მისაღები/სასიამოვნო ახალი მომხმარებლისთვის

•პროდუქტის ნაირსახეობის შეთავაზებით მიიზიდოს მომხმარებელთა და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი (ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილების, სოციო-ეკონომიკური სტატუსის, ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების და ა.შ. მიხედვით).   

ვიტამინი ან სხვა დანამატი, რომლებიც ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ეს პროდუქტი არის ნაკლები რისკის შემცველი ან აქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის.

მაგალითად, თუკი შაქარს, კაკაოს, ჯინჯერს და სხვა სანელებლებს ჩვეულებრივად მოვიხმართ, ისინი ჩვენთვის უსაფრთხოა, თუმცა როცა მათ  თამბაქოში იყენებენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება.

კერძოდ, თამბაქოს ის პირველსაწყისი უხეში და არასასიამოვნო გემო და სუნი იკარგება, რაც ნიშნავს, რომ ტოქსიკური კვამლი ხდება უფრო კარგი მოსაწევი, რაც უარყოფითი მოვლენა არის. 

ასევე, ეს დანამატები აძლიერებენ ნარკოტიკულ მოთხოვნილებას და ამ პროდუქტების წვის შედეგად, გამოიყოფა დამატებითი ტოქსინები, რომელთა ნაწილი არის კანცეროგენული ეფექტის. თამბაქოს, რომელსაც ისედაც არ აკლია მავნე ნივთიერებები, კიდევ ემატება დანამატებისგან გამოყოფილი ტოქსინები.                                                         

                                

                         როგორ ვიპოვოთ გამოსავალი

 

მიუხედავად იმისა, რომ მწეველებს მოსაწევად გარეთ გასვლას ვაიძულებთ, რათა სხვების ფილტვები კანცეროგენებისგან დავიცვათ, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ მათი კვამლისგან მთლიანად გაქცევა არც ისე ადვილია.

ნათელი ხდება, რომ ქსოვილებსა და სხვა ნივთების ზედაპირებზე ჩაჭედილი თამბაქოს კვამლის ნაწილაკები მავნე მოქმედებას აგრძელებენ. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მათ ადვილად შეუძლიათ კვლავ ჰაერში გამოსვლა და იმ ზონაში „ფარფატი“, რომელიც კვამლისგან თავისუფალი გვგონია...

                                                                     ****

თამბაქოზე დამოკიდებულების სინდრომები მიუთითებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ქცევითი და კოგნიტიური ფენომენის იმ კლასტერზე, რომელშიც პიროვნებისთვის თამბაქოს მოხმარება პრიორიტეტი ხდება. ამ დროს მწეველისთვის სხვა ქცევები ნაკლებად პრიორიტეტულია, რომელიც წარსულში მისთვის უფრო ღირებული იყო.

საუკეთესო რამ, რაც მწეველებმა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის შეიძლება გააკეთონ, არის მოწევისთვის თავის დანებება.

მოწევისთვის თავის დანებება საოცრად ეფექტიანია სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ადამიანებს ამ ჯილდოს მიღება საოცრად სწრაფად შეუძლიათ.

თუ გსურთ თავი დაანებოთ თამბაქოს მოხმარებას, მათ შორის ელექტრო სიგარეტი/ვეიპი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ჩილიმი და სხვ. დაუკავშირდით უფასო ცხელ ხაზს 116001. ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“

 

                 რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ანებებთ

 

ბოლო ღერი სიგარეტიდან 20 წუთში:

თქვენი ორგანიზმი მწყობრში ასე მალე ვერ დგება, თუმცა დადებითი ზეგავლენა უკვე საგრძნობია. სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება...

ბოლო ღერი სიგარეტიდან 24 საათში:

თუ ბოლო სიგარეტის მოწევიდან 24 საათი გავიდა, ითვლება, რომ გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.

ბოლო ღერი სიგარეტიდან 48 საათში:

2 დღე გავიდა, რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად, დაზიანებული ნერვული დაბოლოებები თავიდან ზრდას იწყებს. გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.

ბოლო ღერი სიგარეტიდან 72 საათში:

3 დღის შემდეგ უფრო მარტივად დაიწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.

ერთი კვირა სიგარეტის გარეშე:

ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. 

ერთი თვე უსიგარეტოდ:

ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორგანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.

სამი თვე სიგარეტის გარეშე:

ქალების შემთხვევაში, გაუმჯობესებულია განაყოფიერების უნარი და შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი.

ერთი წელი უსიგარეტოდ:

თქვენი ფილტვებისთვის საოცარი ცვლილებები განხორციელდა, გაუმჯობესდა მისი ფუნქცია და ტევადობა. 

ბოლო ღერი სიგარეტიდან 5 წელში:

გარდა იმისა, რომ გულის შეტევის ალბათობა არამწეველის დონეზე დაიყვანეთ, განახევრდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.

ბოლო ღერი სიგარეტიდან 10 წელში:

ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველი ადამიანისას უტოლდება. პრე-სიმსივნური უჯრედები სრულად ჩანაცვლდა ჯანმრთელი უჯრედებით.

15 წელი სიგარეტის გარეშე:

გულის შეტევის რისკი გაუთანაბრდა სრულიად არამწეველი ადამიანისთვის არსებული რისკის ნიშნულს. თქვენი ცხოვრება რადიკალურად არის შეცვლილი.

გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ თამბაქოსთან ბრძოლაში!