სული

1790155152

როგორ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი, დაინახოს, რა ხდება დახურულ კარს მიღმა - კვლევა

სხეულის გარეთ განცდილი გამოცდილების შემსწავლელმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო, რომელსაც შეუძლია „შეცვალოს ჩვენი გაგება ცნობიერების შესახებ“.ვირჯინიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სისტემის მკვლევრებმა 21 ადამიანი შეარჩიეს, რომლებსაც სთხოვეს, სხვა ოთახში ლეპტოპის ეკრანზე შემთხვევითი ობიექტი ამოეცნოთ.მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა ვერ შეძლეს ობიექტის იდენტიფიცირება, უცნაური რამ მოხდა.მონაწილეებიდან ორმა დეტალურად აღწერა მკვლევრების ადგილმდებარეობა და მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დახურულ კარს მიღმა ხდებოდა.„ვიმედოვნებ, რომ ეს შედეგები შთაგვაგონებს, უფრო ღრმად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი ცნობიერებისთვის“, - თქვა წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა მარინა ვეილერმა.„თუ კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მათთვის მიუწვდომელია ნორმალური გრძნობების მეშვეობით, ჩვენ მოგვიწევს გადახედოთ ჩვენს ზოგიერთ ვარაუდს ცნობიერებას, აღქმასა და ფიზიკურ სამყაროს შორის ურთიერთობის შესახებ“.კვლევისთვის გუნდმა გადაწყვიტა გაეგო, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს დახურულ კარს მიღმა ობიექტების ამოცნობა.ოცდაერთ მონაწილეს ჰკითხეს, თუ რომელი ობიექტი იყო მათი აზრით ნაჩვენები სხვა ოთახში ლეპტოპის ეკრანზე.მიუხედავად იმისა, რომ ათმა ადამიანმა აღნიშნა სხეულის გარეთ განცდილი გამოცდილება და 13-მა დაასახელა კონკრეტული ობიექტები, არცერთმა არ გასცა სწორი პასუხი.თუმცა, ყველას გასაკვირად, ორმა მონაწილემ იდეალურად აღწერა მეზობელ ოთახში მყოფი ადამიანები.ერთმა მონაწილემ აღწერა, თუ როგორ იჯდა მკვლევარი მეორე ოთახში მარცხნივ და უყურებდა ლეპტოპის ეკრანს, ხოლო მეორე მკვლევარი, უფრო შორს, კითხულობდა წიგნს.კიდევ ერთმა მონაწილემ აღწერა, თუ როგორ იჯდა მკვლევარი მარჯვნივ და აკეთებდა ჩანაწერებს, ხოლო მეორე მკვლევარი მარცხნივ კომპიუტერთან.გასაკვირია, ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ ორივე აღწერა ზუსტი იყო მონაწილეებთან სესიების დროს.გარდა ამისა, მონაწილეებს არ შეეძლოთ მკვლევრების დანახვა.ექსპერტები თვლიან, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ე.წ. „სხეულის გარეთ დისტანციური დაკვირვება“.დოქტორმა ვეილერმა დასძინა: „ეს მოულოდნელი შედეგები მიუთითებს პოტენციურად სასარგებლო ახალ მიმართულებაზე, მაგრამ ისინი ასევე უნდა შემოწმდეს პერსპექტიულ კვლევებში და მკაცრ პირობებში, სანამ მათ მნიშვნელობას გავიგებთ“.„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ის არის, რომ მოულოდნელი შედეგები ზოგჯერ გვეხმარება უკეთესი კითხვების დასმაში.“„ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული იდეა, რომლის გამოცდაც მომავალ ექსპერიმენტებშია შესაძლებელი და სწორედ ეს უნდა გააკეთოს მეცნიერებამ.“

Tbc

1790067066

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

დღეიდან თიბისი და Visa Glovo-ს კურიერებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილ საგადახდო ბარათს - „Glovo-ს პარტნიორის ბარათი“- შესთავაზებენ.Glovo-ს კურიერების საჭიროებებზე მორგებული ერთობლივი ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, 21 სექტემბერს, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა.Glovo საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად მიწოდების უდიდეს ქსელს მართავს, რომელსაც ყოველთვიურად 5,000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი კურიერი ემსახურება. აღნიშნული ბარათი მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მეტი სარგებელი ყოველდღიური გადახდებისგან.პარტნიორის ბარათით Glovo-ს კურიერები შეუფერხებელ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მათი საქმიანობისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მუდმივი ფასდაკლებებითა და ქეშბექებით ისარგებლებენ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.„თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო პროდუქტები, არამედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ამარტივებს. ექსკლუზიურად Glovo-ს პარტნიორი კურიერებისთვის შექმნილი ბარათი სწორედ ამ მიდგომის მაგალითია.გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობები ხელს უწყობს თანამედროვე საბანკო გამოცდილების განვითარებას და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას“, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.Glovo-ს კურიერებისთვის პარტნიორის ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეკვეთა შესაძლებელია Glovo Rider აპლიკაციიდან. ბარათი ემატება თიბისი მობაილბანკს და  გამოიყენება Apple Pay და Google Pay გადახდებისთვისაც.

ამინდი

1784697101

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 22 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +24 - წვიმასოხუმი +28 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +28 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +24 - უმეტესად ღრუბლიანიფოთი +27 - წვიმაბათუმი +26 - წვიმაოზურგეთი +26 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +28 - მოღრუბლულიამბროლაური +29 - უმეტესად მზიანიახალციხე +27 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +23 - წვიმაბაკურიანი +22 - წვიმაგორი +32 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +29 - უმეტესად მზიანისტეფანწმინდა +21 - წვიმაგუდაური +18 - წვიმათელავი +30 - უმეტესად მზიანირუსთავი +34 - მზიანითბილისი +32 - მზიანი.

შიო მესამე

1783946348

შიო მესამე: ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები

სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, განვითარების.„ყოვლადსამღვდელონო, მეუფენო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, რამეთუ ის თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. ხშირად ვერ ვაცნონიერებთ, რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს, ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, ქადაგების დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი შემდგომი ჩვენი გადარჩენის, განვითარების.წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ და ეს არის სწორედ დამსახურება მათი ღვაწლის, მათი ქადაგების, რამეთუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება. მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, აწგანსვენებული, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები. ასევე, როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში, მოციქულთა მემკვიდრეები ვართ.  დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად, გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა? მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას. დღეს სამოციქულოში იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები: „მობაძავ ჩემდა იყვენით, როგორც მე ქრისტესი“. ვართ თუ არა მზად, მათი მიმბაძველები გავხდეთ? მათი თავიანთი ღვაწლი აღასრულეს, თავიანთი სიცოცხლის ფასად და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამე გახდა, მოწამებრივად აღესრულა, გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვართ თუ არა მზად ამ გზისთვის, ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგრძელებლები. დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. მაგალითად, როდესაც მოგველის რაიმე ამქვეყნიური სარგებელი, მიწიური, ხშირად მზად ვართ, დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი – განსაცდელი, მწუხარება, დამცირებაც და სასჯელიც კი, ოღონდ ჩვენს მიწიურ სხვადასხვა მიზანს მივაღწიოთ, რადგან გარკვეული სარგებელი მოგველის.სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის, შეიძლება ითქვას, კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს. წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ. ისინი იწვოდნენ ქრისტეს სიყვარულით, ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში. ის წერს, რომ „ვინ განგვაშორებს ჩვენ“ – ანუ მოციქულებს გულისხმობს, ქრისტეს სიყვარულს. ჭირი, მწუხარება, შიმშილი თუ სიშიშვლე? თუ საფრთხე, თუ მახვილი… რას ნიშნავს ეს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვაგვარი ჭირი ვერ განგვაშორებსო ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებაც რომ დაგვემუქროს, მაშინაც ვერ განვშორდებით ქრისტეს, ვერ შეგვაშინებს ეს. ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც გაიარეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელები – ამასაც აღწერენ მოციქულები ძალიან დაწვრილებით – მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში. სიხარულით იღვწოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ დროებითი ჭირისთვის, მწუხარებისა და სირთულეებისთვის მათ მოელით ზეციური გვირგვინები, დიდი მისაგებელი მადლი ღვთისგან. ამიტომაც, ისინი ამ ყველაფერს არარად თვლიდნენ, მოთმინებით იტანდნენ ყველაფერს და მით უფრო მეტი და მეტი მადლი, სიხარული ჰქონდათ.ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ, ასე შევიყვაროთ უფალი, ჩვენი იესო ქრისტე. მართლაც მეტს არაფერს გვთხოვს უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს. როცა ვინმე გიყვარს, ცდილობ, მისი სიყვარულიც დაიმსახურო. წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს წერს – გახდე იმის ღირსი, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი, ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ურიცხვი სიკეთის მომტანი, მაგრამ ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი,  გულწრფელი, ამისთვის, ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც უფალი ამბობს, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები – გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულითა და გონებით, მთელი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი. ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს. ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვასს არასდროს შეურაცხყოფს. პირიქით, ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას, რადგან ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ – თქვენ რაც გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთო.ასე რომ, ადამიანის წინაშე როდესაც არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, მთხოვნელი, ის არ ხედავს მასში ან გლახაკს და ღარიბს, არამედ უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დაგვპირდა, რომ ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთედ. ასეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე, ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულით, მონდომებით. ასე რომ, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების, სიყვარულის მქადაგებლები. ამგვარად, ჩვენ ნუ უგულებელვყოფთ ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა – სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას. ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის, ჩვენი სულის ჭრილობების. ისე კურნავს ეს წამალი ჩვენს სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება ამ სულში, თითქოს, საერთოდ არც ყოფილა. მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიის და გახდა არათუ მორწმუნე, არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი ეკლესიის. ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში და ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად ფერს იცვლის, გაძლიერდება და გამთლიანდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას, მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.

მინისტრი

1783689767

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

არაგვის ხიდი

1782113745

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა.  დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.

საქპატენტი

1776759399

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.„ბიოქიმფარმი“ ერთადერთი ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში ევროპული პატენტი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფაგოთერაპიის მრავალწლიანი ტრადიცია გააჩნია. მდიდარი სამეცნიერო გამოცდილება და უწყვეტი კვლევითი საქმიანობა, დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიოფაგიის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ამ მხრივ, ქვეყანა ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას როგორც ფუნდამენტური კვლევების, ისე პრაქტიკული სამედიცინო გამოყენების კუთხით.„ბიოქიმფარმი“ ამ სახელწოდებით ფაგური პრეპარატების წარმოებისა და კომერციალიზაციის მნიშვნელოვან ცენტრად 1999 წელს ჩამოყალიბდა. „ბიოქიმფარმის“ საწარმო გამოირჩევა მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით, ინოვაციური პროდუქციის შექმნითა და საერთაშორისო აღიარებით, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან წვლილს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში როგორც სამეცნიერო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყებას გაცემული აქვს პატენტი EP 3810162 B1 კომპანიის გამოგონებაზე „კუჭ-ნაწლავის ინფექციების საწინააღმდეგო ანტიმიკრობული შემადგენლობა და მისი გამოყენება“. ანტიმიკრობულ შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიოფაგები კი დეპონირებულია საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულების შესაბამისად.აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“.

ავტოკოლონა

1774003779

ფოთიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავტოკოლონა დაიძრა

 დღეს, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, დილიდანვე იკრიბებოდნენ სასულიერო პირები და ადგილობრივი მორწმუნეები, რომელთაც სურთ, უკანასკნელი პატივი მიაგონ უწმინდესსა და უნეტარესს.13:00 საათზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავტოკოლონა დაიძრა.ფოთელი მლოცველები თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩადიან.

მეუფე დანიელი

1773896325

მეუფე დანიელი პატრიარქზე: ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა, მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „ქრონიკასთან“.მისი თქმით, პატრიარქის მიერ დატოვებული ეკლესია მტკიცე საფუძველზე დგას.„ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა და აეღორძინებინა. მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას“, - აღნიშნა მეუფემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

აიათოლა

1772428942

ოპერაცია „ლომის ღრიალი“ - როგორ უთვალთვალებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ირანის უზენაეს ლიდერს თვეების განმავლობაში - აიათოლას გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.პირველ მარტს, ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა მსოფლიოს ის აცნობა, რისიც რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინოდა: აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.CIA-ის სპეციალური ოპერაციის დეტალები, რომლის სამიზნეც ირანის სულიერი ლიდერი იყოუცხოური მედიის ინფორმაციით, ცნობილი ხდება დეტალები სპეციალური ოპერაციის შესახებ, რომლის სამიზნეც ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იყო. როგორც გამოცემა New York Post სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკული და ისრაელის სადაზვერვო სტრუქტურები.მედიის ცნობით, CIA რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ხამენეის გადაადგილებასა და მის უსაფრთხოების სისტემას. სადაზვერვო მონაცემებით დადგინდა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი 28 თებერვალს თეირანში მდებარე რეზიდენციაში ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეხვედროდა.გამოცემა The New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ოპერაციის განხორციელება ღამის საათებში იგეგმებოდა, თუმცა გეგმა შეიცვალა, რათა დარტყმა იმ დროს განხორციელებულიყო, როცა კომპლექსში ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები იქნებოდნენ შეკრებილნი.ინფორმაციის მიხედვით, სადაზვერვო მონაცემები ისრაელს მიეწოდა, რის შემდეგაც ოპერაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ისრაელის ავიაციამ თეირანში მდებარე კომპლექსს რამდენიმე ბომბით დაარტყა, რის შედეგადაც შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.გამოცემა The Wall Street Journal ასევე წერს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურები, რომლებიც პერიოდულად ვაშინგტონში შეხვედრებს მართავდნენ.ცალკეული წყაროების ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის პროცესში გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც, მათ შორის კომპანია Anthropic-ის მიერ შექმნილი სისტემა Claude.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები „სწრაფად ვითარდება“ და ვითარება ყურადღებით კონტროლდება. ვინ იყო აიათოლა ალი ჰამენეი 36-წლიანი მმართველობა, რომელიც შიშსა და რელიგიურ დოგმებზე იდგა, დასრულდა. თუმცა, ამ წერტილამდე, იყო სხვა დღეები - დღეები, რითაც ხამენეიმ მსოფლიოს თავი დაამახსოვრა და იმ ტირანების სიაში დაიკავა ადგილი, რომლებმაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე საკუთარ ამბიციებს შესწირეს.მაღალი და გამხდარი სასულიერო პირი, რომელსაც უყვარდა პოეზია და ლიტერატურა, ეწეოდა ჩიბუხს და ახალგაზრდებთან საუბარი სიამოვნებდა - ასე იცნობდნენ მას ადრეულ წლებში. მოგვიანებით ის მსოფლიოსთვის ჩამოყალიბდა საბრძოლო, დამაპირისპირებელი რიტორიკის წვეროსან, ანტიამერიკელ ლიდერად....ქვეყნის უზენაესი მმართველის თანამდებობისკენ სვლა მან 1979 წელს, ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კონსერვატიულ ძალებსა და რეფორმისტებს შორის ბრძოლამ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალურ ფიგურად აქცია. ალი ხამანეი იყო სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების, მათ შორის ელიტური ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მთავარსარდალი. ხამენეი იდგა კონკურენტი ძალაუფლების ცენტრების რთული ქსელის ცენტრში - სახელმწიფო პოლიტიკის ყველა საკითხზე ვეტოს უფლებით და სამთავრობო თანამდებობებზე კანდიდატების პირადად შერჩევის უფლებით.ის წინააღმდეგობას უწევდა ირანის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ნებისმიერ მცდელობას, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ირანელ კონსერვატორებთან კონფლიქტს გამოიწვევდა.1939 წელი, წმინდა ქალაქი მეშჰედი... ღარიბი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ და მკაცრ ქვეყანას, ერთ დროს ძლევამოსილ იმპერიას ჩაუდგება სათავეში. ალი ხამენეის გზა დაიწყო არა პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ რელიგიური ასკეტიზმითა და შაჰის რეჟიმისადმი ფარული სიძულვილით. ეს სიძულვილი გახდა ის საწვავი, რამაც მოგვიანებით მთელი ქვეყნის პოლიტიკური კურსი განსაზღვრა. ხამენეი არ ყოფილა ხალხის რჩეული - ის სისტემამ შვა, წინამორბედმა კი აკურთხა....1979 წელი. მაშინ, როცა ირანელები შაჰის მმართველობას აპროტესტებდნენ, ხამენეის მენტორი - რუჰოლა ხომეინი - რევოლუციურ მუხტს პარიზის გარეუბნიდან მართავდა, თავად ალი კი სისტემას ირანში, იატაკქვეშეთიდან ანგრევდა. ექვსჯერ დაპატიმრებული, ნაწამები და გადასახლებული... ის გახდა ისლამური რევოლუციის "რკინის ხერხემალი", რომელიც არ ტყდებოდა.მონარქია დაემხო, დაიწყო თეოკრატიის ხანა. ხამენეი ხომეინის მარჯვენა ხელი გახდა. სწორედ მაშინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მის წინააღმდეგ ტერაქტი მოეწყო. ის სიკვდილს პირველად გადაურჩა, თუმცა სამუდამოდ დარჩა ნიშანი - პარალიზებული მარჯვენა ხელი. ფიზიკურმა სისუსტემ მისი პოლიტიკური ამბიციები კიდევ უფრო გაამძაფრა.1981 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ მოჰამად ალი რაჯაის მკვლელობის შემდეგ გამართულ ვადამდელ არჩევნებში, ხამენეი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს, ხმების 97%-ით. საინაუგურაციო სიტყვაში მან დაგმო "მოღალატეობა, ლიბერალიზმი და ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი მემარცხენეები". ის ცნობილი გახდა, როგორც მკაცრი კონსერვატორი და დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის, მწვავე კრიტიკოსი.ქვეყანა მეზობელ ერაყთან უმძიმეს ომშია. რვაწლიანი სისხლისღვრა მისი მმართველობის პირველ გამოცდად იქცა. აქ ისწავლა მან მთავარი: როგორ მართოს ქვეყანა კრიზისის, სანქციებისა და სრული იზოლაციის პირობებში.თუმცა, ნამდვილი სახე ხამენეიმ მაშინ გამოავლინა, როცა ომი დასრულდა და შიდა ოპონენტებთან ანგარიშსწორების დრო დადგა. 1988 წელი - ირანის ისტორიის შავი ლაქა. ხამენეის თანხმობით, "სიკვდილის კომიტეტმა" რამდენიმე კვირაში 5 000-მდე პოლიტიკური პატიმარი გასამართლების გარეშე დახვრიტა. ეს იყო გზავნილი, რომ რეჟიმი არავის დაინდობდა.1989 წელს "დიდი აიათოლა" კვდება. მსოფლიოსთვის მოულოდნელად, საშუალო რანგის სასულიერო პირი ხამენეი ქვეყნის უმაღლესი მმართველი ხდება. მომდევნო 30 წლის განმავლობაში, მან საკუთარი გავლენა გააძლიერა პარლამენტში, სასამართლო სისტემაში, უსაფრთხოების სტრუქტურებში, მედიასა და სასულიერო წრეებში. იწყება ერა, რომელსაც დასავლეთი "ბოროტების ღერძს" უწოდებს: ტერორიზმის ექსპორტი, ჰეზბოლა, ჰამასი და ბირთვული შანტაჟი.მორიგი სისასტიკე რეჟიმმა მაშინ გამოავლინა, როცა 1999 წელს სტუდენტებმა თავისუფლება მოითხოვეს. აიათოლას "ბასიჯის" რაზმები მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ.შემდეგ იყო 2009-ის მოპარული არჩევნები და სნაიპერები თეირანის სახურავებზე. "სად არის ჩემი ხმა?" ამ კითხვაზე პასუხი ხამენეიმ ტყვიებით გასცა.2019 წელს ირანმა ნამდვილი ჯოჯოხეთი იხილა. სულ რაღაც 3 დღეში, ინტერნეტის ბლოკადის პირობებში, რეჟიმმა 1 500-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.აიათოლების მმართველობის სიმბოლო ყოველთვის იყო ჩადრი, როგორც ბორკილი. 2022 წელს, 22 წლის მაჰსა ამინი, ჩადრის მოხსნის გამო მორალის პოლიციამ ცემით მოკლა. მისმა მკვლელობამ ირანელი ქალების მოთმინების ფიალა აავსო. ხამენეიმ, პასუხად, ისევ ამწეებზე საჯარო ჩამოხრჩობა და ბავშვების მკვლელობა აირჩია....და დადგა 2026 წელი. გარდამტეხი მომენტი. ირანელი ხალხის ხმა ამჯერად უფრო ხმამაღალი აღმოჩნდა, ვიდრე რეჟიმის ტყვია. 8 იანვარს დაწყებულ დემონსტრაციებს 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხევრპლა - ეს იყო ხამენეის უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა, სისტემა შეენარჩუნებინა.ხამენეი მთელი ცხოვრება ისრაელისა და ამერიკის განადგურებაზე ოცნებობდა, თუმცა განგება სხვაგვარად შემოტრიალდა - ისრაელ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო ოპერაციით იმ ადამიანის ლიკვიდირება მოხდა, ვინც ათწლეულების განმავლობაში ათასობით ირანელს უსჯიდა სიკვდილს.ალი ხამენეი მოკვდა. მის მომხრეებს შიში და გლოვა დარჩათ, მოწინააღმდეგეებს - თავისუფლების იმედი.

კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები

1772024502

კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები – გზა თანასწორობიდან დიქტატურამდე

                                                    კომუნიზმის იდეა და რეალობა კომუნიზმს ფილოსოფოსთა უდიდესი ნაწილი უტოპიურ მოძღვრებად მიიჩნევდა და ის დღემდე ასეთად დარჩა.უკლასო საზოგადოების შექმნის იდეა ჯერ კიდვ ანტიკურ ხანაში, პლატონმა წამოჭრა. მისი აზრით, „რესპუბლიკაში“ უნდა შექმნილიყო იდეალური ქალაქი, სადაც ხალხს ვერც ფული, ვერც ძალაუფლება გახრწნიდა და ყველაფერს სიბრძნე, გონიერება და სამართლიანობა წარმართავდა.მას შემდეგ, პირველად, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა მისი პრაქტიკაში განხორციელების საშუალება საბჭოთა კავშირის ბაზაზე, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, კომუნიზმი პრაქტიკაში არსად არ დამყარებულა.კომუნიზმი, ყველაზე ფუნდამენტურად თავიანთ ნაშრომებში მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა აღწერეს. მათ ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც შემდგომ მარქსიზმი ეწოდა.მარქსისტული თეორიით, კომუნიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ სარგებელს იღებს მოთხოვნილების მიხედვით.კომუნიზმი, როგორც იდეა, ყველა სფეროში ჰუმანურ და თანასწორობაზე დამყარებულ ურთიერთობებს გულისხმობს. თუმცა, მისი განხორციელების მცდელობამ აჩვენა, რომ კომუნიზმის იდეა და რეალური კომუნიზმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.კომუნიზმი, რომელმაც გარკვეულ ქვეყნებში გარდამავალი წყობის – სოციალიზმის სახით იარსება, ცნობილ ბელადებში – ლენინში, სტალინში, მაო ძედუნში, ჰო ში მინში, ფიდელ კასტროში… განსხეულდა და გაბატონებული კლასის დიქტატურა წარმოშვა.გარდამავალი პერიოდი, დიქტატურის თანხლებით, 70 წელი გაგრძელდა და რეალურმა კომუნიზმმა, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად საბოლოო კრახი განიცადა.                                                      საბჭოთა კავშირი და ცივი ომიმე-20 საუკუნეში, კომუნისტური პოლიტიკური ძალების მმართველობა ბევრ ქვეყანაში დამყარდა და მათი იდეოლოგიური წინამძღოლი საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირი კი, ამერიკასთან ერთად, ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ ითვლებოდა და მასთან დაპირისპირებულ ბანაკს წარმოადგენდა.ერთი მხრივ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ხოლო მეორე მხრივ სსრკ-სა და მის მოკავშირეებს შორის მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და სამხედრო კონფრონტაცია იყო გაჩაღებული.ამ დაპირისპირებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1946 წლის 5 მარტს, ფულტონში სიტყვით გამოსვლისას ცივი ომი უწოდა.მას შემდეგ ეს ტერმინი იდეოლოგიურ ბანაკებს შორის არასაომარი დაპირისპირების სახელწოდებად იქცა.                                                          კომუნიზმის არეალიკომუნიზმმა მე-20 საუკუნის ისტორიის უდიდესი ნაწილი განსაზღვრა. მისი სამოცდაათწლიანი არსებობის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო მოიცვა და პლანეტის მოსახლეობის ნახევრის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა.1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრობდა.კომუნიზმი 1970–იანი წლებიდან პოპულარული იდეოლოგია იყო ევროპაშიც. თუმცა, ევროპელი კომუნისტები მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს.ვარშავის ხელშეკრულების თანახმად კი აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ქვეყნების ბანაკი შეიქმნა.კომუნისტური მოძრაობა, ასევე საკმაოდ ძლიერი იყო ლათინური ამერიკისა და აზიის რამდენიმე ქყვეყანაში.საბჭოთა რუსეთის მიერ სამხედრო ექსპანსიით დამყარდა კომუნიზმი იმ 15 სუვერენულ ქვეყანაში, რომლებიც შემდგომ საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკებად მოიხსენიებოდნენ.მათ შორის იყო საქართველოც, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადაყველაზე მძლავრად კომუნისტურმა პარტიამ, საბჭოთა კავშირის გარეთ, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში მოიკიდა ფეხი.30 წლის წინ, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში მომხდარ რევოლუციებს, ბერლინის კედლის დანგრევას და სსრკ-ს რესსპუბლიკებში თვითგამორკვევის პროცესს კომუნიზმის ფლაგმანის – საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა, თუმცა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას დღესაც კომუნისტები მართავენ.კომუნისტური იდეოლოგიის ქვეყნებში მდიდარი დასავლეთისთვის ეკონომიკური კონკურენციის გაწევის სურვილმა წარმოშვა ჰიბრიდული ეკონომიკური მოდელები. ამ მოდელის ნათელი მაგალითია თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.ჩინეთმა კომუნისტურ ეკონომიკურ დაგეგმარებაზე უარი თქვა და ფასწარმოქმნა საბაზრო კანონების მიხედვით დააწესა. თუმცა, ჩინეთის კომუნისტური პარტია დღესაც მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკას და პოლიტიკას.                                                         თანასწორობიდან დიქტატურამდეყველასათვის ცნობილია კომუნისტური იდეოლოგიის ქვეყნებში მასების და პროლეტაარიატის დიქტატურა როგორ გადაიზარდა მმართველი ძალების დიქტატში, როგორ იქცა რეალური კომუნიზმი (და არა კომუნიზმის იდეა) დიქტატურისა და ტირანიის სინონიმად.კომუნიზმის ტრაგედიებით სავსე ისტორია, რომელიც 1914 წელს დაიწყო და 1991 წელს მოსკოვში დასრულდა, სრული მასშტაბით დღესაც დაუდგენელია.კომუნისტური დანაშაულები მრავალმხრივი იყო:კულტურული და რელიგიური საგანძურის ძარცვა-დაზიანება;“ხალხის მტრების” რეპრესიები;“ხალხის მტრების” დახვრეტები;კატორღები ციმბირის გულაგებში;“გოლოდომორი” უკრაინაში;კომუნისტური საკონცენტრაციო ბანაკები პოლონეთში;ეთნოსების მასიური დეპორტაციები…კომუნიზმის სახელით მილიონობით ადამიანი აწამეს, დახოცეს, გადაასახლეს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა უტყვ მონებად აქციეს.სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი პოლიტიკის დაგმობამ და ადამიანის კულტის უარყოფამ ჩინეთის მეთაურს მაო ძედუნს კომუნიზმის უძლეველობის დემონსტრირებისკენ უბიძგა. შედეგად, „ჩინეთის კულტურულმა რევოლუციამ“ მეტი ადამიანი იმსხვერპლა ვიდრე სტალინის რეპრესიებმა.მაოს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ჩინელმა ხალხმა მისი მიღწევები ”დიდ შეცდომებად” და ”დიდ წარმატებებად” დაყო, კამპუჩიის ლიდერმა პოლ პოტმა გადაწყვიტა კომუნიზმის მტრებზე წინასწარ ეძია შური და ხელოვნური შიმშილით ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი გაწყვიტა.ისტორიკოსები მათთვის ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ კომუნისტურ რეპრესიებს 100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამინდელი კომუნისტური ქვეყნების მონაცემები რა თქმა უნდა არ არსებობს. ჩინეთის სტატისტიკა მხოლოდ მიახლოებითია.შედარებისთვის, ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 20 მილიონი ადამიანი გაანადგურეს საკონცენტრაციო ბანაკებში.                                                     დაუსჯელობის სინდრომიკომუნისტური რეპრესიების მიახლოებითი სურათი ისტორიკოსებისათვის მეოცე საუკუნის ბოლოსათვის გამოიკვეთა, როცა არქივების ნაწილი გახდა ხელმისაწვდომი.რუსული კომუნიზმის საიდუმლოებებს დღესაც ისევე სათუთად უფრთხილდებიან რუსეთის საიდუმლო სამსახურები, როგორც ლენინის ცხედარს მავზოლეუმში. დანარჩენი კომუნისტური სახელმწიფოების არქივები ისევ დახურული რჩება.თუ ნაციზმს ნიურნბერგის პროცესზე გამოუტანეს განაჩენი, კომუნისტებისთვის საჯაროდ პასუხი არავის მოუთხოვია. მათთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია ისევ ძალაშია.ეს ფაქტი პოსტკომუნისტური საზოგადოების მენტალიტეტზე და რეალობის აღქმაზე დღესაც მოქმედებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოური ქვეყნების სათავეებში ყოფილი კომუნისტები მოექცნენ, როცა ყოფილი ნაცისტები გერმანიის მთავრობაში ყველასთვის დაუშვებელი იყო.მას შემდეგ, კომპრომისების პოლიტიკა გრძელდება და კომუნისტური ცოდვები სახელისუფლებო თუ სხვა ელიტებში თამამად ყოფნაში ხელს არავის უშლის.                                                  ლუსტრაციის მცდელობა ჩავარდასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანამ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებისა და კომუნისტური ნომენკლატურის გავლენისგან სრულად გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც პირი თანამდებობის დაკავებას საჯარო სამსახურში მხოლოდ მაშინ შეძლებს თუ თავად გაამხელს თავის კომუნისტურ წარსულს. ამ ინფორმაციის საჯარო თანამდებობის დაკავების შემდეგ გამჟღავნების შემთხვევაში კი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება.ამავე მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო „თავისუფლების ქარტია“, რომლის მე-9 მუხლი სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ყოფილ წევრებს და თანამდებობის პირებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავდა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 ოქტომბერს ეს მუხლები არაკონსტიტუციურად სცნო კონკრეტული სარჩელის „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე.ცნობისათვის: ნოდარ მუმლაურს 2014 წელს თელავის მერის თანამდებობაზე კენჭისყრაზე უარი უთხრეს, რადგან 1985–1986 წლებში თელავის რაიკომის მდივანი იყო.კომუნისტური ცოდვების ლუსტრაციის მცდელობა საქართველოში ჩავარდა. სტატია მომზადებულია „პრაიმტაიმის“ არქივიდან - „კომუნისტური შიზოფრენია“

გურული გლეხის წერილი

1771999816

„ბრიგინ–ბრიგინით მოსული საბჭოთა ხელისუფლება“ და კომუნიზმს შეწირული ჯანდაცვის მდივანი - გურული გლეხის წერილი

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და პატიმრობა მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს სუვერენიტეტი მარტივად არ დაუთმია - ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა.1921 წლის 25 თებერვლიდან 105 წელია გასული.გთავაზობთ სტატიას პრაიმტაიმის არქივიდან - „კომუნისტური შიზოფრენია“ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება სასწრაფო წესით შეუდგა ქვეყნის მენშევიკებისგან გაწმენდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანების დასაპატიმრებლად განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებოდათ.საკმარისი იყო, რამე დაგეწერა, ან გეთქვა ისეთი, რაც ბოლშევიკებს არ მოეწონებოდათ, რომ ადამიანის ბედი ერთ წამში გადაწყვეტილიყო.გურული გლეხის, პავლე კალანდაძის გადასახლების საბაბი ის თეთრი ლექსი გახდა, რომელიც მან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეთხზა.თუმცა მიზეზი ის იყო, რომ პავლე კალანდაძე მენშევიკი გახლდათ და მენშევიკების მთავრობაში ჯანდაცვის განყოფილების მდივნის თანამდებობა ეკავა.პავლე კალანდაძე ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა. ის საკმაოდ განათლებული იყო, ამიტომ კერძო მოწაფეებიც მრავლად ჰყავდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთი მოწაფე, თამარი, ცოლადაც შეირთო და სამი შვილი შეეძინათ.პავლე კალანდაძე 1922 წლის თებერვალში ქ. ფოთში დააპატიმრეს.(ასე მუშაობდა მაშინ „ ჩაშვების“ უნსტიტუტი!) ამას სასწრაფოდ მოჰყვა მისი ბინის ჩხრეკა, მიუსაჯეს იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით.„ამხანაგო ბიძია“იმ დასაქცევ 18 მარტს გევიხედე ბიძია და ნეტაი არ გამეხედა.რაღაცა გააქვს ბრიგინ-ბრიგინი, დრიგინ-დრიგინი, ლიწინ – ლიწინი,პრიწინ-პრიწინი და მოდის, მარა რა მოდის!მოდის უშველებელი რევკომი, პროდკომი და პრედრევკომი,მოდის და მოუძღვება, მოსდევს და რა მოსდევს!მოდსდევს: პარდკომი, პროდკომი, პრუდკომი, პუსკომი, დოიკომი, უჩასტკომი, ფავრიკომი, ზავომი, გუბრატკომი, მესტკომი, სოვნარხოზი, სორნაოზი,ფარნაოზი, გრუკავროსტისი;პრახვოსტი, კომხოზი, ფინონდული, ფარნოდელი, ზუბოდელი, ჟილოდელი ჟანდარმები წინანდელი, კომსოიზი პროფსაუზი, კომსომოლა, სოცაბეზა, ნარკომზდრავი,ზრავოდელი აგენტ-პუქტი,იქით პუნქტი, ზიგიზმუნდი მიგიზმუნდი, ბიგიზმუნდი, ნაჩიბრიგი, ნაჩიდრიგი, ნაჩიდიკი,ფარპოდი – ღეჩეპოდი სანიტარპოდი და უკან მოსდევს დეზ კარმერა და ჩეკა. მოაქვთ, მარა რა მოაქვთ!ნეტავი არ მოჰქონდეს, მოაქვთ: შიმშილობა, წყურვილობა, უფულობა, უპურობა, უხორცობა, უღვინობა,უწამლობა, უბინაობა, უცოლობა, უქმარობა, გაყრა-გამოყრა და გაშტრიგინებული საანკეტო ფურცლები! მოვიდნენ, მარა რა მოვიდნენ! ნეტავ არ მოსულიყვნენ!დალაგდნენ ქალაქში, ვაგზალში, ქუჩაში, დუქანში, სოფელში, ბოსელშ, შენს ოთახშ, ჩემს ოთახშ, მის ოთახშ, შენს ლოგინში, ჩემს ლოგინში, სხვის ლოგინში.დალაგდნენ თუ არა, ჩვენ გაგვათავისუფლეს. გაგვათავისუფლეს ჭამისაგან, სმისაგან , დახურვისაგან, ბინისაგან, წამლობისაგან, სიარულისაგან, მოსვენებისაგან, გავლისაგან, გამოვლისაგან და თავისუფლებისაგან.გაგვათავისუფლეს თუ არა, მერე დააარსეს საქართველოში, მარა რა დააარსეს!  საბჭოთა მთავრობა, სრული უთავობა, შაბათ-კვირაობა, ქუჩის ხვეტა, ეზოს ხვეტა, ჩაის კრება და საანკეტო ფურცლების წერა! მოგვაყენეს გაშტრიგინებული ფურცლები და გვიბრძანეს:-აჰა, ჩასწერეთ: რა იყავით, იყავით, რაზე იყავით, რა ჭამეთ, რისთვის ჭამეთ, ვინ გაჭამა, ვინ გაგაძღო, რაზე გაძეხი,სად ცხოვრობდი, რაზედ ცხოვრობდი, რაზე მოდი ან რა გინდა და შემდეგ წააწერეს, მაგრამ რა წააწერეს:გააძევეთ, ვიკინუტ, დაიჭირეთ, დახვრიტეთ, არესტავაი ვ ჩეკუსაგან! ერთ სიტყვით, ყოლისფერი ბევრი ჩამოიტანეს, მარა ყოველისფერს ჩეკა სჯობია იმით რომ ნიკოლოზის თავს გამოჩეკარეს! (სტილი დაცულია)რა ბედი ეწია შემდგომში პავლე კალანდაძეს, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ სოფელ ხიდისთავში ჩავიდა, თუმცა იქ პავლე კალანდაძე აღარავის ახსოვდა.მოგვიანებით თბილისში დავუკავშირდით პავლე კალანდაძის შვილიშვილს – გივი კალანდაძეს. ბატონმა გივიმ ბაბუის ფოტოები გადმოგვცა.მისი თქმით, ბაბუა, სავარაუდოდ, უზბეკეთში გადაასახლეს, მოგვიანებით კი პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს.პავლე კალანდაძე უზბეკ ქალზე დაქორწინდა და ორი ქალიშვილიც შეეძინა.სამშობლოში ის აღარ დაბრუნებულა. („პრაიმტაიმის“ 2012 წლის პროექტი „კომუნისტური შიზოფრენია“. ავტორები მარიტა დამენია, ლია კერესელიძე)

✕