1788631119
კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანს კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვა და გოდერძის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.ბიზნესფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სახელმწიფოს, ბიზნესისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობით აჭარის მაღალმთიანეთის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოდერძი ეტაპობრივად გარდაიქმნა თანამედროვე, სრულფასოვან ოთხსეზონიან კურორტად, განვითარებული ინფრასტრუქტურა კი, მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის.,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ, კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი.დღეს კურორტ გოდერძიზე უკვე 9 სასტუმრო კომპლექსი ფუნქციონირებს, ხოლო დაგეგმილია 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საინვესტიციო ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესის დაინტერესებას, ვიზიტორთა ნაკადების ზრდასა და, საბოლოოდ, მაღალმთიანი აჭარის კიდევ უფრო განვითარებასა და წარმატებას"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს თიბისის ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ.ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კურორტის განვითარების ხედვისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. თიბისის გუნდმა ინვესტორებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა, ასევე კურორტ გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
























