რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან - ასე იქნება 26 მაისსაც - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

რადიკალებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, 26 მაისის აღნიშვნას რა ფორმით ჩაშლიან, მათთვის მთავარია პროვოკაცია და ძალადობა მოაწყონ. ამას თავადვე ამბობენ, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი ვერ შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან. ასე იქნება 26 მაისსაც.

„როცა 26 მაისს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები გამოდიან და საზოგადოებას გვეუბნებიან, რომ მივიდეთ, დავათვალიეროთ სამხედრო ატრიბუტიკა და ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, რადიკალები ამის საწინააღმდეგოდ აანონსებენ აქციას? ან, რატომ გამოდიან აქციაზე 26 მაისს და არა 21-ში, ან 20 მაისს და ა.შ.? იმიტომ, რომ ხალხი ვერ გამოჰყავთ. დღესასწაულებზე კი, სადაც ხალხმრავლობაა, პროვოკაციის მეტი შანსია. 9 აპრილსაც იმიტომ სცადეს იგივე. ახლაც სულ რამდენიმე ათეული ადამიანის მოყვანას გეგმავენ, რომ როგორმე პროვოკაცია მოაწყონ. მაგრამ, რამდენჯერაც დააანონსეს რაღაც, ვერაფერი შეასრულეს, იმიტომ, რომ სიმართლეს არ ემსახურებიან. სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოს პრაქტიკული დამოუკიდებლობა უნდა და უცხოურ ძალებს არ უნდა ჰქონდეთ აქ პროცესების მართვის საშუალება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.