ბრიტანეთის არმიის მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნა იქნება - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

ბრიტანეთის არმიის მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნა იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც პირდაპირი მუქარა მოდის განვითარებული სამხედრო ძალების მქონე სახელმწიფოებიდან, მათი შეკავების ყველაზე ეფექტური გზა არის მზადყოფნაში ყოფნა.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაპირებთ, გაერთიანებულ სამეფოში ავაშენოთ საბრძოლო მასალის მწარმოებელი, სულ მცირე, ექვსი ახალი ქარხანა, რაც შექმნის ათასზე მეტ სამუშაო ადგილს. ევროპის შეკავების გასაძლიერებლად ჩვენ დიდ ბრიტანეთში ათასობით ახალ, შორი მოქმედების იარაღს ვაწარმოებთ, რაც დაახლოებით 800 დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებით. ამ კუნძულების უკეთ დასაცავად ჩვენ შევქმნით ჰიბრიდულ სამეფო-საზღვაო ძალებს, რომელიც გააერთიანებს დრონებს სამხედრო გემებთან, წყალქვეშა ნავებსა და თვითმფრინავებთან ჩრდილო ატლანტიკასა და მის ფარგლებს გარეთ პატრულირებისთვის, რაც გამოიწვევს გემთმშენებლობის სფეროში ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, მათ შორის აქ, დევონში. აშშ-სა და ავსტრალიასთან AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში ჩვენ ახლა ავაგებთ 12-მდე მოიერიშე წყალქვეშა ნავს, რომლებიც დაიცავენ ბრიტანეთის წყლებს, გავაფართოებთ ბაროუს სამრეწველო ბაზას და მიწოდების ჯაჭვის მთელ ხაზს, რათა ყოველ 18 თვეში ახალი წყალქვეშა ნავი ავაგოთ. ჩვენ ასევე ჩავდებთ ინვესტიციებს მსოფლიოში წამყვან დრონების შესაძლებლობებსა და საბრძოლო ტექნოლოგიებში, უკეთეს აღჭურვილობაში ჩვენი მეომრებისთვის საზღვარგარეთ და უკეთეს საცხოვრებელში მათთვის და მათი ოჯახებისთვის სამშობლოში. დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ვდებთ ჩვენს სუვერენულ ქობინების პროგრამაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი შემაკავებელი ძალების უზრუნველყოფა მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რაც შექმნის 9 000 სამუშაო ადგილს და ათასობით სხვა ადგილს მიწოდების ჯაჭვებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალის ისტორიული განახლების ნაწილია, როგორც ჩვენი უსაფრთხოებისა და დაცულობის საბოლოო გარანტი“, – განაცხადა კირ სტარმერმა.