ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

ნკ

 ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ დატოვა. ინფორმაციას ნიდერლანდური მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, სხოფმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის ორსაათიანი სხდომის შედეგ მიიღო. მან აღნიშნა, რომ მთავრობის გადადგომა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უხსნის გზას.

ოფიციალურად ნიდერლანდების პრემიერმა გადადგომის შესახებ მეფე ვილემ-ალექსანდრეს უნდა აცნობოს. დასტურის შედეგ მთავრობაში შემავალი ყველა მინისტრი უფლებამოსილებას კარგავს.

როგორც სხოფმა აღნიშნა, გადადგომის შემდეგ ის ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

ცნობისთვის, გუშინ ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება მმართველ კოალიციას ტოვებს. კოალიციის დაშლის მთავარი მიზეზი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის საკითხი გახდა.