მოსამართლე ლილი მსხილაძე: სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა

მოსამართლე ლილი მსხილაძე

მოსამართლემ ლილი მსხილაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს, გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გაითვალისწინა რა ბრალდებულის მდგომარეობა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ "მინიმუმი 3 წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული".

"რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ და ამგვარ სიტუაციებში ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფოში სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა.
ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოგეხსენებათ, რომ უფლებამოსილია 50-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების გამოყენება მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

რაც შეეხება თქვენს აღიარებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ ხართ ნასამართლევი, გყავთ მცირეწლოვანი შვილი, მე მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ მინიმუმი 3 წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული“, -განაცხადა ლილი მსხილაძემ.