"დამარხეს ეტყობა, მერე ამოიღეს და დაკიდეს ხეზე..." - ოკუპანტების მიერ გატაცებულის დედა

21:25 02-24-2018
26

სამი წლის წინ ახალგორიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული დავით ბაშარულის დედა კურიერის კამერასთან მისი შვილის შესახებ საუბრობს. 

დავით ბაშარულის დედა ყვება, რომ მისი შვილი ოკუპანტებმა დაკითხვაზე წაიყვანეს, რის შემდეგაც 7 თვის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ნინო გუთნიაშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არც მისი ჯანმრთელობის შესახებ იცოდა არაფერი.

7 თვის შემდეგ კი, 2015 წლის იანვარში, ბაშარული ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ოჯახს მაშინ უთხრეს, რომ დავით ბაშარულმა თავი მოიკლა. დედის თქმით, მისი შვილის ცხედარს ძალადობის კვალი ჰქონდა. მას ჩამტვრეული ჰქონდა თეძოს ძვალი და არ ჰქონდა კბილები. 

„დამარხეს, ეტყობა და მერე ამოიღეს და დაკიდეს ხეზე, ვითომ თავი ჩამოიხრჩო,“ - ამბობს ნინო გუთნიაშვილი.

დავით ბაშარულის ბიძა, გოდერძი გუთნიაშვილი, ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ დავით ბაშარული მოკლულია.

„ჩვენმა ექსპერტმა დაადგინა, რომ დამარხული იყო და მერე ამოთხარეს. ამის შემდეგ უკვე მიაბეს ხეზე. უცნობია მკვლელის ვინაობა. ჩვენი მხარეც იძიებდა და არაფერია დადგენილი,“ - ამბობს გოდერძი გუთნიაშვილი.

ბიძა ყვება, რომ  წეროვანის დევნილთა დასახლებაში დისშვილისთვის ჩასასვენებელი ნასესხები 400 ლარით იყიდა.