მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

მამუკა მდინარაძე: თითიდან გამოწოვილია, რომ ფრაქცია ,,ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა

22:07 12-15-2017
157

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ფრაქცია ,,ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა და ორი დამატებითი ფრაქცია ამ მიზნით იქმნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს“ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ფორმულირება, რომ ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ იშლება.

,,ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ სამ ნაწილად არ იშლება. უმრავლესობის შიგნით სავარაუდოდ, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება. ეს ჩვენი ინიციატივაა მეტი კოორდინირებისთვის, უკეთესი მენეჯმენტისთვის. ეს ახალი ფრაქციები მაინცდამაინც მხოლოდ ფრაქცია ქარ​თული ოცნებიდან" არ დაკომპლექტდებიან, გადანაცვლებები წავა და სხვა ფრაქციის წარმომადგენლებსაც ვიხილავთ ახალი ფრაქციების შემადგენლობაში. აქ არ არის მხოლოდ ,,ქართულ ოცნებაზე"საუბარი, აქ საუბარია უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე. ახლა არის ექვსი ფრაქცია. თუ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ამ შემთხვევაში იქნება ერთი დიდი ფრაქცია ,,ქართული ოცნება" და 7 პატარა ფრაქცია“, - განუცხადა ,,პრაიმტაიმს“ მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, ის კვლავ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქნება, თუმცა ფრაქციაში შემავალი დეპუტატების სხვა ფრაქციებში გადანაცვლება მოხდება. მამუკა მდინარაძე ასევე განმარტავს, რომ გადანაცვლება არა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ არამედ უმრავლესობის შიგნით შემავალ ფრაქციებს შორისაც მოხდება.

,,დაპირისპირებას კატეგორიულად გამოვრიცხავ. მსგავსი არაფერი ხდება და მითუმეტეს ამ ინიცირების საფუძველი ეს არ არის. მე ისევ უხელმძღვანელებს იგივე ფრაქციას, საიდანაც რამდენიმე დეპუტატი სხვა ფრაქციაში გადავა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არც ერთ მათგანთან, რომლებიც გადადიან, არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს. პირიქით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთ-ერთ ფრაქციაში გადადიან ჩემი ძალიან ახლო მეგობრები. თითიდან გამოწოვილია, რომ რაიმე დაპირისპირება არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის არ აკონკრეტებს როგორ გადანაწილდება ფრაქციების შემადგენლობა და აცხადებს, რომ ახალი ფრაქციები იმ გამოხმაურების ფონზე, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, შესაძლებელია დაჩქარებულად შეიქმნას.

,,ჯერჯერობით ამაზე სწორი ინფორმაციის მოწოდება არავის შეუძლია, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვიწყია ამ საკითხზე მსჯელობა პიროვნებებიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მსჯელობა პრინციპიდან გამომდინარე. იქნებ შევქმნათ კიდევ ორი ახალი ფრაქცია, რომ მენეჯმენტი და კოორდინირება გაგვიადვილდეს,. პირადად ჩემი ინიციატივა იყო და ერთ-ერთი ინიციატორი არჩილ თალაკვაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვარ მე. ჩვენგან გაიგეს ფრაქციის წევრებმა, რომ ამას ვაპირებდით.გუნდის წევრებისთვის ეს იდეა გასაგები იყო და დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რომელ ფრაქციაში გადავა. ეს სურვილზეა. რაიმე განსაკუთრებული დაჯგუფება, კონკრეტული იდეისა და პიროვნებების მომხრეების გადაჯგუფება არ იქნება. ისეთი ამბავი ატყდა ზუსტად ერთ საათში და ისეთი ინტერპრეტირებები მიეცა, რომ არ გამოვრიცხავ უფრო მალე გაკეთდეს ეს ამბავი, რომ დამთავრდეს სპეკულაციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი