მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

თბილისის მერიის განცხადება „თბილისიმარათონი 2017“-თან დაკავშირებით

13:11 10-17-2017
21

თბილისის მერია "თბილისიმარათონი 23017" -თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"პირველ რიგში, გვსურს, განვმარტოთ, რომ „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა და არა დედაქალაქის მთავრობამ.

"თბილისიმარათონი“ წლებია, მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით იმართება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთის მხრივ, ქველმოქმედებას, ხოლო მეორეს მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მეტიც, ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მარათონის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადმოტანა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე არეალში დაწყებულია რეაბილიტაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ღონისძიების ჩატარებისას რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლისა და სხვა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვამ შესაძლოა, გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეების უკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ გაითვალისწინა როგორც მოქალაქეების, ასევე, ღონისძიების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მოთხოვნები და შესთავაზა საორგანიზაციო ჯგუფს „თბილისიმარათონი 2017“-ის დილის 7:00 საათზე გამართვა, ნაცვლად 9:00 საათისა. დედაქალაქის მერიამ განიხილა ალტერნატიული ვარიანტიც - ღონისძიების ისევ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარება.

ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ის არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილებას და უარი განაცხადეს „თბილისიმარათონის“ შეთავაზებული ფორმებით ჩატარებაზე. გარდა ამისა, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის მერიაში შეტანილ განცხადებებზე საორგანიზაციო ჯგუფს საბოლოოდ დადასტურებული პასუხი მიღებული არ ჰქონდათ.

სამწუხაროა, რომ ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალდნენ როგორც მარათონში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეები, ისე ტურისტები, რომლებიც ამ ღონისძიების ფარგლებში გეგმავდნენ თბილისში სტუმრობას.