დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

უფლისწულ გიორგის ბაგრატოვანთა ტახტზე კონკურენტი გამოუჩნდა ?! - არქივი

11:50 06-19-2017
1184

გაზეთი "პრაიმტაიმის" არქივი

რამდენიმე წლის წინ პრინცი ხუანი ტახტის ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილებოდა

მემკვიდრის საკითხი დიდი ხნის გარკვეულია... უფლისწული საქართველოში იზრდება, მალე ოთხი წლინახევრის გახდება. უკვე ლაპარაკი დაიწყო და ქართულ ენას სწავლობ“.

როდესაც წინადადება წამოვიდა, პოლიტიკური მიზნებისთვის  ევროპასთან დაახლოებაზე, ხომ არ აჯობებდა მისი კანდიდატურა წამოგვეყენებინა საქართველოს სამეფო ტახტზე, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მიდიოდა.

არსებობს ინფორმაცია, რომ მეფე ხუან-კარლოსმა დაიბარა პრინცი ხუანი და ჰკითხა, საქართველოს მეფობა ხომ არ გინდაო. სწორედ იმ პერიოდში საქართველოშიც მიდიოდა პოლიტიკური საუბრები ამ ახალგაზრდას შესახებ. თუმცა, მაშინ მის წინააღმდეგ წავიდა მიხეილ სააკაშვილი.

რეფერენდუმის გარეშე მონარქიის აღდგენა ვერ მოხდება, ეს უნდა ჩატარდეს მაშინ როცა ამის დრო იქნება. ჯერ საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

საქართველოს პატრიარქთან გამართულ სააღდგომო მიღებაზე ბაგრატოვანთა შტოს წარმომადგენლის, პრინც ხუანის გამოჩენას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია უკვე მოჰყვა. დავით და ანა ბაგრატიონების განქორწინების შემდეგ, მონარქიის აღდგენაზე საუბარი თითქოს მინელდა. თუმცა, სამეფო ოჯახის ახალი სახის გამოჩენა უკვე გახდა იმის თქმის საფუძველი, რომ შესაძლოა, სამეფო ტახტს ახალი პრეტენდენტი გამოუჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრედ უკვე მოიაზრება პატარა უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. სამეფო კლუბის წევრის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, რამდენიმე წლის წინ პრინცი ხუანი ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატურად განიხილებოდა საქართველოს მომავალ სამეფო ტახტზე.

ბურჯანაძის თქმით, დინასტიური მემკვიდრე პატარა უფლისწულის სახით უკვე არსებობს. თუმცა, საბოლოო ჯამში ვინ გახდება მეფე, ამას ქართველი ერი გადაწყვეტს. თუმცა, მონარქიის აღდგენაზე საუბარს ბურჯანაძე ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.

ბაგრატ ბაგრატიონის ვაჟი, პრინცი ხუანი ერეკლე მეორეს შთამომავალია და ესპანეთში ცხოვრობს. დაიბადა 1977 წელს. ის ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია.

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო პრინცი ხუანი, მომავალ მეუღლესთან, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოდელ ქრისტინე ძიძიგურთან ერთად.

პრინცი ხუანის ქართული სახელია იოანე. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, ზოგჯერ მონასტერშიც ცხოვრობს. მის შესახებ ცნობილია ისიც, რომ ქართული ადათ-წესების მოყვარულია და ქართულად საუბარსაც ახერხებს.

განაცხადებს თუ არა პრინცი სამეფო ტახტზე პრეტენზიას, უცნობია.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მონარქიის შესაძლო აღდგენაზე საუბარს ბაგრატოვანთა ორი შტოს - დავითისა და ანას ქორწინება მოჰყვა, გაჩნდა ტახტის მემკვიდრეც, უფლისწული გიორგი. თუმცა, სამეფო წყვილმა ოჯახი ვერ შეინარჩუნა და განქორწინდა.

ამ საკითხით დაინტერესებული პირები აცხადებდნენ, რომ ეს იყო „პოლიტიკური“ ქორწინება და მთავარი მისია შესრულებულია - გაჩნდა ტახტის მემკვიდრე. ასევე, ისიც ითქვა, რომ ყოფილ სიძე-სიმამრს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დავა სამეფო ტახტზე დაიწყო. 

ცხადია, პატრიარქის გვერდით ბაგრატოვანთა კიდევ ერთი წარმომადგენლის გამოჩენამ საზოგადოებაში, ხელი შეუწყო ამ აზრის მომწიფებას, რადგან უწმინდესს დავითმა და ანამ იმედი გაუცრუეს, შესაძლოა, ეკლესიამ არჩევანი სწორედ პრინც ხუანზე გააკეთოს.

ამის შესახებ ინფორმაციის მიღება საპატრიარქოდან ვცადეთ. თუმცა, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია სამეფო ოჯახს და პრინც ხუანს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ თუ არა, იმ შემთხვევაში თუ პრინცი ხუანი პრეტენზიას გამოთქვამს სამეფო ტახტზე, ხომ არ გახდება ეს უთანხმოების საკითხი.

„პრაიმტაიმთან“ საუბარში ანა ბაგრატიონის მამამ, ნუგზარ ბაგრატიონმა განაცხადა, რომ პრინც ხუანს არ იცნობს.

რაც შეეხება ტახტის მემკვიდრეს, მისი თქმით, ეს საკითხი დიდი ხანია, რაც გარკვეულია და მემკვიდრე პატარა უფლისწულია.

„ყველაფერს წყვეტს ლეგიტიმიზმის საკითხი. მემკვიდრის საკითხი დიდი ხნის გარკვეულია. ამის შესახებ საუბარი შეიძლება მიკერძოებაში ჩამეთვალოს, ამიტომ, სჯობს ისტორიკოსებს, გენეოლოგებს  შეეკითხოთ. უფლისწული საქართველოში იზრდება, მალე ოთხი წლინახევრის გახდება. უკვე ლაპარაკი დაიწყო და ქართულ ენას სწავლობ“. - გვითხრა ნუგზარ ბაგრატიონმა.

იმერელი ბაგრატიონების ოჯახის წარმომადგენელი ირაკლი ბაგრატიონი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პრინც ხუანს არ იცნობს. მისი ინფორმაციით იგი მუხრანელ-ბაგრატიონების შტოს წარმომადგენელია.

„ის თუ პატრიარქთან გამოჩნდა წვეულებაზე, ეს ბუნებრივია. პატრიარქი დიდსულოვანია და ყველა ჩამოსულს, ბაგრატიონი იქნება თუ არა ბაგრატიონი, მათზე ლოცვა-კურთხევას გასცემს. რაც შეეხება მონარქიის აღდგენას და დავითს ეწყინებოდა თუ არა, ამ შეკითხვით დავითს და ნუგზარს უნდა მიმართოთ, რადგან ძირითადად ისინი იბრძვიან რაღაც არარსებულ ტახტზე. ვერაფერს გეტყვით“.  - გვიპასუხა ირაკლი ბაგრატიონმა.

პრინცი ხუანის წარმომავლობის შესახებ, მონარქიის შესაძლო აღდგენის თაობაზე და ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიის უფლება ვის აქვს, ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ შეკითხვებს სამეფო კლუბის წევრმა გიორგი ბურჯანაძემ უპასუხა:

„პრინცი ხუანი ჩვენ აღმოვაჩინეთ, როცა საქართველოში დაძაბულობა, გაურკვევლობა იყო, მაშინ ტახტის მემკვიდრე საერთოდ არ იყო. ასე თუ ისე, დინასტიურად დღეს ტახტის მემკვიდრე არსებობს. საბოლოო ჯამში, როგორც იტყვიან, ყველაფერი ზეცაში წყდება. ტახტის საკითხს წყვეტს ქართველი ერი. პრინცი ხუანი ძალიან კარგი პიროვნებაა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თუკი ასეთი ვალდებულება იქნება, ერიც და ბერიც გადაწყვეტს, ხალხის ნება იქნება, შეასრულებს თავის მოვალეობას. ჯერ ასეთი მომენტი არ არის. კარგი პიროვნებაა, ცდილობს საქართველოს დაეხმაროს, თუ არ ვცდები 2008 წელს შექმნა დახმარების ფონდი, ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდა საქართველოს.

-  რა იცით მისი წარმომავლობის შესახებ?

-  დედის მხრიდან ბავარიის სამეფო შტოს წარმომადგენელია.  მამის მხრიდან ესპანეთის მეფის ხუან-კარლოსის ბიძაშვილები არიან. ასევე, ნათესაურად უკავშირდება უინძორების სამეფო სახლს ინგლისში. როდესაც წინადადება წამოვიდა, პოლიტიკური მიზნებისთვის  ევროპასთან დაახლოებაზე, ხომ არ აჯობებდა მისი კანდიდატურა წამოგვეყენებინა საქართველოს სამეფო ტახტზე, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მიდიოდა. არსებობს ინფორმაცია, რომ მეფე ხუან-კარლოსმა დაიბარა პრინცი ხუანი და ჰკითხა, საქართველოს მეფობა ხომ არ გინდაო. სწორედ იმ პერიოდში საქართველოშიც მიდიოდა პოლიტიკური საუბრები ამ ახალგაზრდას შესახებ. თუმცა, მაშინ მის წინააღმდეგ წავიდა მიხეილ სააკაშვილი.

-  მისი გამოჩენა პატრიარქის გვერდით ხომ არ არის ერთგვარი მინიშნება, რომ შესაძლოა სამეფო ტახტს სხვა პრეტენდენტი გამოუჩნდეს?

-  ის განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატურა საქართველოს მომავალ სამეფო ტახტზე. პრინციპში, ეს კანდიდატურა დღესაც არ არის მოხსნილი, თუკი საზოგადოებრივი აზრი ამას მოინდომებს. მას სრული უფლება აქვს, რომ საკუთარი თავი, როგორც მემკვიდრედ წარმოადგინოს. დასავლეთ საქართველოშიც არის ბაგრატიონების ოჯახი. სანამ ბავშვი გაჩნდებოდა დინასტიური ქორწინების შედეგად, ვსაუბრობდით რომელი შტოს წარმომადგენელი იქნებოდა საქართველოსთვის უკეთესი და რომელი უკეთ შეძლებდა ამ მისიის განხორციელებას, რასაც სამეფო სახლის აღდგენა ერქვა. მით უმეტესს, რომ მაშინ  თანასწორი უფლებები ჰქონდათ ბაგრატიონ-გრუზინსკების შთამომავლებსაც და ბაგრატიონ-მუხრანელებსაც. დღეს არსებობს პატარა უფლისწული, რომელიც დინასტიურად აშკარად სხვებზე წინ დგას. რაც შეეხება პრინც ხუანის პატრიარქთან გამოჩენას, ჩვენს პატრიარქს დიდი ავტორიტეტი აქვს. ბაგრატიონების შთამომავლების წარმომადგენლების მოწვევით იგი მათ საზოგადოებას აცნობს. ეს პატრიარქის მოვალეობაც არის, რომ ერსა და ბერს გააცნოს ბაგრატიონები.

-  პრინც ხუანის გამოჩენას უკვე მოჰყვა საზოგადოების მხრიდან კომენტარებიც, რომ არარსებულ ტახტს კიდევ ერთი მემკვიდრე გამოუჩნდაო და ა.შ.

-  სურვილის დონეზე მონარქიის აღდგენის საკითხი არ წყდება. ეს წყდება ღვთის ნებით და საზოგადოებრივი კონსესუსით. ისე თუ მოხდა, რომ 51%-ს მონარქიის აღდგენა უნდა, ხოლო 50%-ს არა, მაშინ ეს ვერ მოხდება, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. თუ ისე მოხდა, რომ 65-70% თანახმაა, მაშიმ მონარქია აღდგება. დღეს არსებული მდგომარეობით ვერც პრინცი ხუანი და ვერც სხვა დაინტერესებული პირები ერთმანეთს კონკურენციას ვერ გაუწევენ. საერთოდაც, ისინი ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში არ უნდა განვიხილოთ. განსაკუთრებით ჟურნალისტებმა არ უნდა განიხილონ ეს ოჯახები კონკურენტებად. მესმის, სხვადასხვა პერიპეტიები იყო, მაგრამ ყველაფერი განზე უნდა გავწიოთ და მომავალზე ვიფიქროთ. საზოგადოებამ კიდევ ერთი სახე გაიცნო ამ შესანიშნავი ოჯახის სახით. უკეთესი იქნება დადებითზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას. რეფერენდუმის გარეშე მონარქიის აღდგენა ვერ მოხდება, ეს უნდა ჩატარდეს მაშინ როცა ამის დრო იქნება. ჯერ საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არ არის.