VIDEO: სამი წლისთავის აღსანიშნავად, ჯეიმს ვებმა კატის თათის ნისლეული გადაიღო

კატის თათი

მუშაობის სამი წლისთავის აღსანიშნავად, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კატის თათის ნისლეული (NGC 6334) გადაიღო — გიგანტური, კომპლექსური მოლეკულური ღრუბელი, რომელსაც ეს სახელი კატის უზარმაზარ თათებთან მსგავსების გამო უწოდეს.

მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ადგილზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა, სადაც მატერიის გროვები მასიურ ვარსკვლავებად გარდაიქმნება და ირგვლივ ყველაფერი დაბინდულია მტვრისა და მოლეკულური გაზის ღრუბლებით.

თუმცა, ინფრაწითელ სინათლეს შეუძლია გააღწიოს ამ ღრუბლებში, სადაც ტალღის სხვა სიგრძეები ნაწილაკების მიერ მიმოიფანტება. ვინაიდან ჯეიმს ვები ინფრაწითელი ტელესკოპია, შეუძლია შეიხედოს მტვრის მიღმა და ნახოს, რა ხდება შიგნით — შედეგად, ის ბრწყინვალე ხელსაწყოა ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესის შესასწავლად.

ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი კამერის (NIRCam) მიერ გადაღებულ ფოტოებზე ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპი ჩანს. ზედა ნაწილში, შუაში, მოჩანს სტრუქტურა სახელად „ოპერის სახლი“ — ჩვილი ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ანათებს და გარშემო მტვერს მიმოფანტავს; ეს გახლავთ ვარსკვლავის წარმოქმნის ერთ-ერთი ბოლო სტადია.