VIDEO: რატომ არ იგუდებიან მახრჩობელა გველები, როდესაც მსხვერპლს ახრჩობენ - ახალი კვლევა

გველები

ძლიერი ჩასაფრებული მონადირეები, მახრჩობელა გველები (Boa constrictor) განთქმული არიან მსხვერპლის სასტიკად მოპოვების გზით — მოჭერით ახრჩობენ, შემდეგ კი მთლიანს ყლაპავენ. მეცნიერებმა სულ ახლახან გაარკვიეს, როგორ ახერხებენ ამას გველები ისე, რომ ამ დროს თავადაც არ იგუდებიან.

გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში, ეს უშხამო რეპტილიები საკუთარ მსხვერპლს გულისა და თავის ტვინისაკენ მიმავალი სისხლის ნაკადის ჩახშობის გზით კლავენ და არა გაგუდვით. ეს ხერხი, ისევე როგორც სუპერ-ელასტიკური ყბები, მათ შედარებით დიდ მსხვერპლთა მონადირების საშუალებას აძლევს, მაგალითად, ღორების, მაიმუნებისა თუ ოცელოტების. ისინი ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში არიან გავრცელებული.

 

ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, გველებს არ აქვთ დიაფრაგმა — კუნთების თხელი ფენა, რომელიც შეკუმშვა-გაფართოების გზით ფილტვებს ჰაერით ავსებს და ცლის; შესაბამისად, სუნთქვისათვის გველები მთლიანად ნეკნის კუნთებზე არიან დამოკიდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს კუნთები აქტიურად უჭერენ რაღაც გარე სხეულს ან მილისებრ სხეულში საკვებს გადააადგილებენ, გველებს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა არ შეუძლიათ.

თუმცა, ეს ღამის მონადირეები მსხვერპლის შეპყრობისას მოსვენების მდგომარეობასთან შედარებით თითქმის შვიდჯერ ზრდიან ჟანგბადის მოხმარებას, თავისი სხეულის წონის მეოთხედი მსხვერპლის მონელებისას კი 17-ჯერ. დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა, თუ როგორ ახერხებენ მახრჩობელა გველები, რომ ისუნთქონ და ცოცხლები გადარჩნენ, როდესაც მსხვერპლის მოხრჩობას 45 წუთამდე უნდებიან.