რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა ნიშნები მიუთითებს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია
1787517529
მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი სწრაფი ტესტი, რომელსაც ორგანიზმში რკინის დეფიციტის გამოვლენა სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია. მკვლევრების განცხადებით, ინოვაციურმა მეთოდმა შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმ ქვეყნებში, სადაც სრულფასოვან ლაბორატორიულ კვლევებზე წვდომა შეზღუდულია.
ახალი ტესტი ავსტრალიის ვალტერისა და ელაიზა ჰოლის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის (WEHI) მკვლევრებმა შეიმუშავეს. ის თითიდან აღებული სისხლის მცირე ნიმუშით მუშაობს და სპეციალური ლაბორატორიული აპარატურა არ სჭირდება.
როგორ მუშაობს ახალი ტესტი?
მკვლევრების მიერ შექმნილი სისტემა სისხლში ფერიტინის დონეს ამოწმებს. ფერიტინი ორგანიზმში რკინის მარაგის ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებლად ითვლება.
ტესტი შექმნილია ისე, რომ განსაკუთრებით მკაფიოდ გამოავლინოს ფერიტინის დონე 30 ნგ/მლ-ის კლინიკურად მნიშვნელოვან ზღვართან. სწორედ დაბალი ფერიტინის მაჩვენებელი შეიძლება მიუთითებდეს რკინის დეფიციტზე.
მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შედეგის მისაღებად ადამიანს ვენიდან სისხლის აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა შესაძლოა აღარ დასჭირდეს.
საკმარისია თითიდან აღებული სისხლის მცირე ნიმუში და შედეგი დაახლოებით 15 წუთში მიიღება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი დარღვევაა და განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქალებსა და ბავშვებში.
პრობლემა ისაა, რომ რკინის დეფიციტის ადრეულ ეტაპზე ადამიანს შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ანემია. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჰემოგლობინის შემოწმებამ პრობლემა შეიძლება ვერ გამოავლინოს.
მკვლევრების განმარტებით, შესაძლებელია ადამიანს ორგანიზმში რკინის მარაგი უკვე მნიშვნელოვნად ჰქონდეს შემცირებული, მაშინ როცა ჰემოგლობინის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნორმაშია. შედეგად, რკინის დეფიციტი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.
სწორედ ამიტომ ახალი ტესტის მთავარი იდეა მხოლოდ ანემიის აღმოჩენა კი არა, რკინის დეფიციტის უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი ტექნოლოგია მომავალში ორსულთა ჯანმრთელობის პროგრამებშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
რკინის დეფიციტი ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით გავრცელებული პრობლემაა, ხოლო რკინადეფიციტური ანემია დაკავშირებულია ისეთი გართულებების მომატებულ რისკთან, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ზრდის შეფერხება და დაბალი წონის ახალშობილი.
მკვლევრების აზრით, სწრაფი ტესტი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად დაადგინონ, რომელ პაციენტს სჭირდება რკინის მკურნალობა და რომელს - არა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებში, სადაც რკინის ინფუზიები და სხვა სამედიცინო რესურსები შეზღუდულია.
ტესტი ჯერ ფართო გამოყენებისთვის მზად არ არის
მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი ტესტი ჯერ არ არის ისეთი ეტაპზე, რომ მისი გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით ჩვეულებრივ სამედიცინო პრაქტიკაში დაიწყოს.