ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
მკვლევრებმა ლაზერული მოწყობილობა შექმნეს, რომელიც წიგნში ტექსტს დაახლოებით 1.4 კილომეტრიდან კითხულობს.
იმისათვის, რომ ასეთი შედეგი მიეღოთ, მეცნიერებმა დედამიწაზე მომუშავე სისტემისთვის კოსმოსურ დაკვირვებებზე გათვლილი ტექნოლოგია გამოიყენეს. აღნიშნულ ტექნიკას ინტერფერომეტრია ჰქვია.
კვლევას ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერები უძღვებოდნენ, ნაშრომი კი ჟურნალში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
ინტერფერომეტრია სინათლის ტალღების ზედდებას მოიცავს ინტერფერენციის ეფექტის წარმოსაქმნელად. ინტერფერომეტრიას ხშირად იყენებენ ასტრონომიაში, თუმცა ამჯერად მას მკვლევრებმა სათვალთვალო სისტემის შესაქმნელად მიმართეს.
ნაცვლად იმისა, რომ გამოსხივების, სინათლისა და ხმის ტალღები გაეერთიანებინათ, მეცნიერებმა სინათლის რამდენიმე დეტექტორისგან მიღებული მონაცემები გამოიყენეს, რათა ინტენსივობის ვარიაციები შეეფასებინათ. ამას ინტენსივობის ინტერფერომეტრია ჰქვია. ეს მონაცემები შემდეგ შორეული ობიექტის გამოსახულების შესადგენად გამოიყენეს.
ნაშრომის ავტორებმა ლაზერის 8 ინფრაწითელი სხივი სტყორცნეს შორ მანძილზე, რათა სამიზნის გამოსახულება აღედგინათ. სისტემა იმდენად მგრძნობიარე აღმოჩნდა, რომ კილომეტრის მანძილიდან დააფიქსირა ცალკეული ასოები, რომლებიც 3 მილიმეტრი ზომისა იყო.
ინტენსივობის ინტერფერომეტრია პირველად 1950-იან წლებში გამოიყენეს, რათა შორეული ვარსკვლავების დიამეტრები გაეზომათ. ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ იგივე ტექნიკა ატმოსფეროს არსებობის პირობებშიც გამოსადეგია — მიუხედავად იმისა, რომ სინათლის ტალღები შეიძლება დამახინჯდეს.
ნაცვლად სინათლის წყაროს (თუნდაც ვარსკვლავის გამოსხივების) გამოყენებისა, მკვლევრებმა შორეული ობიექტების გასანათებლად ლაზერის სხივებს მიმართეს. რადგან ლაზერი 8 სხივად დაყვეს, ინტერფერენციის ნებისმიერი მცირე დარღვევა მეტად შესამჩნევი გახდა. შედეგად, ატმოსფეროს არსებობის მიუხედავად, შორეული ფორმების დანახვა მაინც შეძლეს. შენიშნეს, რომ ცალკეული სხივი იმაზე გაცილებით ცუდ გარჩევადობას იძლეოდა, ვიდრე — 8.
ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ტიპის მოწყობილობა შეიძლება კოსმოსური მტვრის შესასწავლად გამოვიყენოთ. იმედი აქვთ, რომ სისტემას სამომავლოდ AI ალგორითმებით გააუმჯობესებენ, რათა შორს დაფიქსირებული გამოსახულებები უფრო ზუსტად ახსნან.