როგორია მსოფლიოში პირველი „კურიერი რობოტი“, რომელსაც ობიექტების აღქმა შეუძლია

რობოტი

Amazon-მა წარმოადგინა რობოტული მანიპულატორების ახალი თაობა, Project Vulcan, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ობიექტების დანახვა, არამედ მათი აღქმაც ტაქტილური სენსორების გამოყენებით. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, რობოტის მთავარი მახასიათებელია ობიექტის დაჭერისას ფორმის, მასალისა და წნევის შეგრძნების უნარი. ეს მას მილიონობით პროდუქტის დამუშავებისა და შეფუთვის საშუალებას აძლევს.

კომპანია სისტემას რობოტიკაში ფუნდამენტურ წინსვლას უწოდებს და ის უკვე დანერგა აშშ-ში მდებარე საწყობებში, სადაც Vulcan-ი სხვა მანქანებთან ერთად შეკვეთების დახარისხებასა და შეფუთვაში ეხმარება. Amazon-ის ცნობით, რობოტი უკვე ამუშავებს პლატფორმის ასორტიმენტის დაახლოებით 75%-ს და ამას ადამიანის შრომასთან შედარებით პროდუქტიულობით აკეთებს.

Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის რობოტიკის დირექტორის, აარონ პარნესის თქმით, Vulcan ადამიანებთან ერთად მუშაობს და ერთად ისინი უფრო ეფექტურები არიან, ვიდრე ცალკე. რობოტმა არ უნდა ჩაანაცვლოს მუშები, არამედ უნდა შეამსუბუქოს მათი სამუშაო ფიზიკური დატვირთვისგან და გააუმჯობესოს საერთო უსაფრთხოება საწყობში.

კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ ასეთი სისტემების დანერგვა არ იწვევს თანამშრომლების გათავისუფლებას. პირიქით, ასობით ახალი პროფესია გაჩნდა, სერვისის ინჟინრებიდან დაწყებული რობოტული სისტემების ოპერატორებით დამთავრებული.

„ვულკანი“ ისეთი ტექნოლოგიაა, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შეუძლებლად ჩანდა, დასძინა პარნესმა. Amazon-ი უახლოეს წლებში რობოტის ევროპისა და აშშ-ის საწყობებში განთავსებას გეგმავს. ამავდროულად, კომპანია თანამშრომლებს გადამზადებას სთავაზობს, რათა ისინი რობოტიკასთან დაკავშირებულ საინჟინრო და ტექნიკურ სპეციალიზაციებში გადავიდნენ.