რობოტი ბალეტისა და კარატეს ილეთებს თითქმის ადამიანური სიზუსტით ასრულებს - ვიდეო

რობოტი

ჩინელმა ინჟინრებმა რობოტის ვიდეო გამოაქვეყნეს, რომლის ნახვის შემდეგაც შეიძლება იფიქროთ, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში უსწრაფესად გავრცელდა, სრულიად რეალურია. მასში ჩინური ჰუმანოიდი რობოტია აღბეჭდილი, სახელად Unitree H2 "Destiny Awakening". რობოტის სიმაღლე 180 სანტიმეტრია, წონა კი — 70 კილოგრამი, რაც დაახლოებით ზრდასრული კაცის საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

ვიდეოში H2 პირუეტსა და კარატეს ილეთებს ასრულებს, შემდეგ კი თითქოს პოდიუმზე დადის. ეს მოვერცხლისფრო მოდელი მთავარ პერსონაჟს, Sonny-ს, მოგაგონებთ 2004 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ტრილერიდან "მე, რობოტი". ამ მსგავსებაზე ძალიან ბევრი ინტერნეტმომხმარებელი საუბრობს. გარდა ამისა, ყურადღებას არამხოლოდ რობოტის ვიზუალი, არამედ მისი მოძრაობებიც იქცევს — იგი ბალეტისა და კარატეს რთულ ილეთებს თითქმის ადამიანური სიზუსტით ასრულებს.

ახალი რობოტის შესახებ ჯერ ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი, თუმცა იუტუბის ვიდეოს აღწერაში კომპანია ამბობს, რომ ეს მოდელი "ბიონიკური ჰუმანოიდია", რომელიც ყველას უსაფრთხოდ და მეგობრულად ემსახურება. უცნობია, თუ როდის ჩაეშვება ეს რობოტი გაყიდვაში.

უნდა ვივარაუდოთ, რომ H2-ს მისი წინამორბედის, H1-ის, მსგავსი ან გაუმჯობესებული მონაცემები აქვს, მაგალითად, 360-გრადუსიანი სივრცული აღქმა, 3D ლიდარი (ლაზერული მანძილსაზომი) და წინა მხარეს დამონტაჟებული კამერა ნავიგაციისთვის.