1752605763
რა ხდება თქვენს სხეულში, როდესაც ალკოჰოლის სმას თავს ანებებთ

ალკოჰოლს მრავალი უარყოფითი გავლენა აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე, რომელთაგან ზოგიერთმა შეიძლება გაგაკვირვოთ კიდეც. მათ შორის არის ისეთი მოკლევადიანი ზემოქმედებები, როგორიცაა თავის ტკივილით ან შფოთვით გაღვიძება, გრძელვადიან ეფექტებს შორის კი აღსანიშნავია კიბო.
თუ ალკოჰოლისგან გარკვეული დროით თავის შეკავებაზე ფიქრობთ, აღმოაჩენთ ბევრ სწრაფ და გრძელვადიან სარგებელს, რასაც ამით თქვენს ჯანმრთელობას მოუტანთ.
რამდენ ხანს მოგიწევთ ამ სარგებლების ლოდინი?
გთავაზობთ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ქრონოლოგიას, რომელიც აჩვენებს, რა შეიძლება იგრძნოთ ალკოჰოლზე უარის თქმიდან პირველ დღეს, კვირების, თვეების ან წლების შემდეგ.
ზოგიერთი სარგებელი მყისიერად იწყება და შესაბამისად, ყოველი შემდეგი დღე ალკოჰოლის გარეშე, თქვენი ჯანმრთელობის გამარჯვებაა.
ერთი დღის შემდეგ
ორგანიზმიდან ალკოჰოლის სრულად გამოდევნას დაახლოებით 24 საათი სჭირდება; ამიტომ, გაუმჯობესების ნიშნები შეიძლება სულ რაღაც ერთი დღის შემდეგაც იგრძნოთ.
ალკოჰოლი უფრო ხშირად შარდვას იწვევს, რაც დეჰიდრატაციას განაპირობებს. თუმცა, თქვენს ორგანიზმს ჭიქა წყლის შეწოვა თითქმის მყისიერად შეუძლია და ამიტომ, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლი თქვენი სისტემიდან გამოიდევნება, დეჰიდრატაცია მცირდება, უმჯობესდება საჭმლის მონელება, თავის ტვინის ფუნქცია და ენერგიის დონე.
ალკოჰოლი ასევე ამცირებს ღვიძლის უნარს, არეგულიროს სისხლში შაქარი. მას შემდეგ, რაც ალკოჰოლი სისტემიდან გამოიდევნება, სისხლში შაქარი ნორმალიზებას იწყებს.
თუ ყოველდღიურად სვამთ, დასაწყისში თავი შეიძლება უარესად იგრძნოთ, რადგან თქვენი ორგანიზმი ერგება მის სისტემაში ალკოჰოლის არარსებობას. თავიდან შეიძლება შენიშნოთ ძილის დარღვევა, განწყობის ცვლილებები, ოფლიანობა ან კანკალი. ამ სიმპტომების უმეტესობა ალკოჰოლის გარეშე გატარებული ერთი კვირის შემდეგ გაქრება.
ერთი კვირის შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ალკოჰოლმა შეიძლება ძილი მოგგვაროთ, სინამდვილეში ის თქვენს ძილის ციკლს არღვევს. უალკოჰოლოდ გატარებული კვირის დასასრულს, შეიძლება შენიშნოთ, რომ დილაობით უფრო ენერგიული ხართ, რადგან უკეთესი ხარისხით გძინავთ.
ღვიძლი, როგორც სხეულის ფილტრი, ალკოჰოლის გადამუშავების ყველაზე მძიმე ნაწილს ასრულებს და შეიძლება ადვილად დაზიანდეს ზომიერი სმის შემთხვევაშიც კი.
ღვიძლი მნიშვნელოვანი ორგანოა სისხლის გასუფთავებაში, საკვები ნივთიერებების დამუშავებაში და ნაღვლის გამომუშავებაში, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
თუმცა, ღვიძლს სწრაფად აღდგენა შეუძლია. თუ ღვიძლი მსუბუქად გაქვთ დაზიანებული, შვიდი დღე შეიძლება საკმარისი იყოს ღვიძლის ცხიმის შესამცირებლად, მსუბუქი ნაწიბურებისა და ქსოვილის დაზიანების შესახორცებლად.
მცირე ოდენობით ალკოჰოლმაც კი შეიძლება დააზიანოს ტვინის ფუნქციონირება. ამიტომ, მასზე უარის თქმა ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას სულ რამდენიმე დღეში მსუბუქ და ზომიერ მსმელებში, ძალიან დამოკიდებულ მსმელებში კი ერთ თვეში.
ერთი თვის შემდეგ
ალკოჰოლმა შეიძლება გაართულოს განწყობის მართვა და გააუარესოს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები. რამდენიმე კვირის შემდეგ, ადამიანთა უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს. ერთი ან ორი თვის შემდეგ, ძალიან მსმელებიც კი იუწყებიან უკეთესი განწყობის შესახებ.
ძილისა და განწყობის გაუმჯობესებასთან ერთად, შეიძლება ასევე იგრძნოთ მეტი ენერგია და უკეთესი კეთილდღეობა.
ერთთვიანი თავშეკავების შემდეგ, რეგულარულად მსმელები ასევე აღნიშნავენ, რომ უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს სმის წესში ცვლილებების შეტანის საკითხში.
ასევე შეიძლება დაიკლოთ წონაში და შეგიმცირდეთ სხეულის ცხიმი. ალკოჰოლი მრავალ კილოჯოულს შეიცავს და შეუძლია შიმშილის სისტემის გააქტიურება, რაც გვაიძულებს, ზედმეტად ვჭამოთ ან ალკოჰოლის მიღების დროს ავარჩიოთ ნაკლებად ჯანსაღი საკვები.
მადლობას თქვენი კანიც კი გადაგიხდით. დეჰიდრატაციისა და ანთების გამო, ალკოჰოლი ადამიანის შესახედაობას ასაკს მატებს, მაგრამ ამის უკუქცევა შესაძლებელია, როცა სმას თავს დაანებებთ.
ალკოჰოლი აღიზიანებს ნაწლავებს და არღვევს კუჭის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც იწვევს შებერილობას, საჭმლის მონელების მოშლას, გულძმარვას და დიარეას. როგორც წესი, ეს სიმპტომები ალკოჰოლზე უარის თქმიდან ოთხ კვირაში ქრება.
ერთი თვის შემდეგ, 25 პროცენტით მცირდება ინსულინის რეზისტენტულობა, რომელიც სისხლში შაქრის მაღალ დონეს იწვევს. ასევე მცირდება სისხლის წნევა (6%) და მცირდება კიბოსთან დაკავშირებული ზრდის ფაქტორები, მცირდება კიბოს რისკი.
ექვსი თვის შემდეგ
ღვიძლი აღდგენას კვირებში იწყებს. ზომიერად მსმელებში ღვიძლის დაზიანება შეიძლება სრულად აღდგეს ექვს თვეში.
ამ მომენტში, ძლიერ მსმელებიც კი შენიშნავენ, რომ მათი ორგანიზმი უკეთესად ებრძვის ინფექციებს და თავს ზოგადად უფრო ჯანმრთელად გრძნობენ.
ერთი წლის და მეტის შემდეგ
ალკოჰოლს წვლილი შეაქვს მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარებაში, მათ შორისაა გულის დაავადებები, ინსულტი, მეორე ტიპის დიაბეტი, შვიდი სხვადასხვა ტიპის კიბო, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ყველა ამ რისკის შემცირება შესაძლებელია ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტით ან მისი შემცირებით.
ალკოჰოლი მაღლა სწევს სისხლის წნევას (ჰირერტენზია), რაც მსოფლიოში სიკვდილის მთავარი რისკფაქტორია. სისხლის წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან (120mmHG) სულ რაღაც 2mmHg-ით აწევა ინსულტით სიკვდილის რისკს 10 პროცენტით ზრდის, კორონარული არტერიის დაავადებებით კი 7 პროცენტით.
ალკოჰოლის დღეში ორ ჭიქამდე შემცირებით სისხლის წნევა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც ამცირებს ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს. სისხლის წნევის დაწევა ასევე ამცირებს თირკმლის დაავადების რისკს, თვალის პრობლემებს და ერექციულ დისფუნქციასაც კი.
თავშეკავების გაგრძელებით, მცირდება ნებისმიერი კიბოს განვითარების რისკი. ერთ-ერთ კვლევაში 3-დან 7 წლის პერიოდში შეისწავლეს 4 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის კიბოს რისკი და დაადგინეს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ, 4 პროცენტით შემცირდა ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოების რისკი მსუბუქ მსმელებშიც კი. მძიმე და საშუალოდ მსმელებში კიბოს რისკის შემცირების მაჩვენებელი 9 პროცენტი იყო.
ცვლილების შეტანა
ალკოჰოლის სმის ნებისმიერი ოდენობით შემცირებას შესამჩნევი და მყისიერი ეფექტები ექნება თქვენს თავის ტვინზე და ზოგად ჯანმრთელობაზე. რაც უფრო ნაკლებს დალევთ და რაც უფრო მეტ შუალედს გააკეთებთ დალევებს შორის, მით უფრო ჯანმრთელი იქნებით.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1752604255