პირის ღრუს მიკრობები, შეიძლება, ადამიანის მომაკვდინებელი სიმსივნის მიზეზი იყოს - ახალი კვლევა

პირის ღრუს მიკრობები

ჩვენი პირის ღრუს ბინადარი კონკრეტული მიკრობების კომბინაცია დაკავშირებული აღმოჩნდა ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ კიბოსთან, რაც მიუთითებს, რომ პირის ღრუს კარგი ჰიგიენა შეიძლება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ კბილების შენარჩუნება.

„ახლა იმაზე აშკარაა, ვიდრე ოდესმე, რომ კბილების გახეხვა და ძაფით გაწმენდა არა მხოლოდ პერიოდონტული დაავადების პრევენციაში გვეხმარება, არამედ შეიძლება კიბოსგანაც გვიცავს“, — განმარტავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კიბოს ეპიდემიოლოგი რიჩარდ ჰეიესი.

პანკრეასი არის მუცლის ღრუს ორგანო, რომლის მიერ გამოყოფილ ფერმენტებსა და ჰორმონებს ჩვენი სხეული საკვების გადასამუშავებლად და მათში არსებული ნივთიერებების შესაწოვად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ პანკრეასში კიბო იშვიათად ჩნდება, ვისაც ის დაემართება, გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენის ტრაგიკულად დაბალი შანსი აქვს.

ჰეიესმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ისუან მენგმა და მათმა კოლეგებმა გამოიყენეს ორ კვლევაში შეგროვებული 300 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და პირის ღრუს გამონარეცხის ნიმუშები; მონაწილეთა ასაკი 50-დან 80 წლამდე იყო.

კოლექტიურად განხილვისას, პირის გამონარეცხის ნიმუშებში გამოავლინეს 27 მიკრობი, რომლებიც დაკავშირებული იყო პანკრეასის კიბოს რისკის სამჯერ ზრდასთან; ეს დაავადება აშშ-ში ემართება ყოველ 56 კაცში ერთს და 60 ქალში ერთს.

ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები, სხვა წინა კვლევებთან ერთად, მიუთითებს, რომ ჩვენი პირის ღრუს ზოგიერთი მიკრობი პანკრეასში შეიძლება აღწევდეს ნერწყვის საშუალებით, საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლით.

მკვლევრებმა გამოავლინეს პირის ღრუს ბაქტერიების სამი სახეობა (Porphyromonas gingivalis, Eubacterium nodatum და Parvimonas micra) და კანისა და ნაწლავების ჩვეულებრივი სოკო Candida tropicalis-ი, რომლებიც დაკავშირებული იყო პანკრეასის კიბოს დიაგნოზის შანსის ზრდასთან.

როგორც ჰეიესი გვაფრთხილებს, მათ მიერ მიღებული შედეგები გადაჭრით არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ გამოვლენილი მიკრობები კიბოს პირდაპირი მიზეზია, მაგრამ მათ მიერ დაკვირვებული მახასიათებლები გამოარჩევს სახეობებს, რომლებიც შემდეგ კვლევებს საჭიროებს. ამას გარდა, Candida-ს და ბაქტერიების სხვა სახეობები დაკავშირებული აღმოჩნდა კიბოს რისკის შემცირებასთან, რაც მიუთითებს, რომ პირის ღრუს მიკროფლორის ზუსტი შემადგენლობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მკვლევრებმა მიკრობების სტრუქტურა ამერიკაში ჩატარებული ორი გრძელვადიანი ჯანმრთელობის კვლევის მონაცემების გამოყენებით გაარკვიეს: პროსტატის, ფილტვის, კოლორექტალური და საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის ცდის და American Cancer Society Cancer Prevention Study-II Nutrition Cohort-ის.

ამ კვლევების დაახლოებით 445 ადამიანს პანკრეასის კიბო განუვითარდა. მათი მონაცემები 445 ჯანმრთელი ადამიანისას შეადარეს.

„ბაქტერიომის მასშტაბის სკანირებამ გამოავლინა პირის ღრუს რვა ბაქტერია, რომელიც დაკავშირებულია პანკრეასის კიბოს რისკის შემცირებასთან და 13 ბაქტერია, რომელიც დაკავშირებულია რისკის ზრდასთან“, — წერენ მკვლევრები.

პანკრეასის კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი 5 წლის შემდეგ არის მხოლოდ 13 პროცენტი, რისი მიზეზიც ხშირად არის დაგვიანებული დიაგნოზი. როგორც წესი, მისი სიმპტომები დაავადების გვიანდელ სტადიამდე არ ჩნდება; შესაბამისად, ადრეული რისკფაქტორების გაგება, როგორიც არის პირის მიკრობიომის შემადგენლობა, შეიძლება მის ადრეულ დაფიქსირებაში დაგვეხმაროს.

„პირის ღრუში ბაქტერიული და სოკოვანი პოპულაციების პროფილირებით, ონკოლოგებმა ონკოლოგებს შესაძლებლობა მიეცემათ მონიშნონ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება პანკრეასის კიბოს სკრინინგი“, — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევართა ჯგუფი გეგმავს იმის გარკვევასაც, რა წვლილი შეაქვთ რისკებში ვირუსებს.

მომზადებულია nyulangone.org-ისა და ScienceAlert-ის მიხევდით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა