1750017082
NASA და ინდოეთი 1,5-მილიარდ დოლარიან ერთობლივ თანამგზავრს უშვებენ, რომელიც დედამიწის ზედაპირზე სანტიმეტრიან ცვლილებებსაც კი დააფიქსირებს

სულ რამდენიმე დღეში, ინდოეთის ქალაქ ჩენაის სატიშ დჰავანის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ ახალ თანამგზავრს, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე სანტიმეტრის მასშტაბის ცვლილებების დაფიქსირება შეეძლება, თანაც თითქმის რეალურ დროში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ამინდის მიუხედავად.'
თანამგზავრის სახელია NISAR-ი; იწონის თითქმის 3 ტონას, აქვს 12-მეტრიანი რადარი ანტენა და მისი აგება 1,5 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდება ხმელეთის ზედაპირს, მასზე და მასში წყლის დინებას და ფასდაუდებელ ცნობებს მოგვაწვდის ფერმერებისთვის, კლიმატური მეცნიერებისთვის და კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფებისთვის.
უკვე ათწლეულებია, ფასდაუდებელი სამეცნიერო ხელსაწყოებია თანამგზავრები, რომლებიც დედამიწის ზედაპირს იღებენ. ისინი მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მონაცემს გვაწვდიან მრავალ სხვადასხვა დარგში, მაგალითად, ამინდის პროგნოზირებასა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვაში. მეცნიერებს ასევე ეხმარებიან დედამიწის ეკოსისტემებისა და კლიმატის გრძელვადიან ცვლილებათა მეთვალყურეობაში.
დედამიწის დამკვირვებელ მრავალ ასეთ თანამგზავრს ესაჭიროება მზის სინათლის არეკვლა, რათა შეძლოს პლანეტის ზედაპირის გადაღება. შედეგად, ისინი ფოტოებს მხოლოდ დღისით და ისიც უღრუბლო ცის შემთხვევაში იღებენ.
ამის გამო, ამ თანამგზავრებს დიდი სირთულე ექმნებათ ღრუბლების საფარის შემთხვევაში, განსაკუთრებით ტროპიკულ რეგიონებში, ასევე ღამით.
თანამგზავრი NISAR-ი აშშ-ისა და ინდოეთის კოსმოსური სააგენტოების (NASA და ISRO) თანამშრომლობის პროდუქტია და ამ სირთულეების დაძლევა შეუძლია, რადგან დედამიწის სურათების გადასაღებად იყენებს სინთეზურ-აპერტურული რადარულ (SAR) ტექნოლოგიას. ამ ტექნოლოგიის მიხედვით ეწოდა თანამგზავრს სახელიც. NISAR-ი აღნიშნავს NASA-ISRO SAR-ის შემოკლებას.
SAR ტექნოლოგია 1951 წელს სამხედრო გამოყენებისთვის გამოიგონეს. დედამიწის ზედაპირის პასიური გადაღებისთვის მზის სინათლის ანარეკლის გამოყენების ნაცვლად, SAR თანამგზავრები აქტიურად ასხივებენ რადარულ სიგნალებს ზედაპირისკენ და აფიქსირებენ უკან არეკლილ სიგნალს. დაახლოებით იმას ჰგავს, ბნელ ოთახში ფოტოს გადაღებისას რომ ფლეშ-განათება გამოიყენოთ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ SAR თანამგზავრებს დედამიწის ზედაპირის სურათების გადაღება შეუძლიათ დღისითაც და ღამითაც.
ვინაიდან რადარის სიგნალებს ღრუბლებსა და სმოგში გავლა დაუსრულებლად შეუძლიათ, SAR თანამგზავრები დედამიწის ზედაპირის ფოტოებს მაშინაც იღებენ, როცა ის ღრუბლებით, კვამლით ან ფერფლითაა დაფარული. ეს განსაკუთრებით ღირებულია ბუნებრივი კატაკლიზმების, მაგალითად წყალდიდობების, ტყის ხანძრებისა და ვულკანური ამოფრქვევების დროს.
რადარული სიგნალები აღწევენ გარკვეულ სტრუქტურებშიც, მაგალითად, სქელ მცენარეულობაში. იყენებენ წყლის აღმოსაჩენადაც იმის წყალობით, როგორც წყალი იქცევა რადარული სინათლის არეკვლისას.
ევროპის კოსმოსური სააგენტო SAR სიგნალების მცენარეულობაში შეღწევად თვისებებს იყენებდა თავი ბოლო, ბიომასის მისიაში. ამით შესაძლებელია ტყეების 3D სტრუქტურების გადაღება. ასევე შესაძლებელია ბიომასისა და ტყეებში შენახული ნახშირბადის ოდენობის ზუსტი გაზომვების ჩატარება.
სინგაპურის დისტანციური ზონდირების ლაბორატორიის დედამიწის ობსერვატორიის დირექტორი სანგ-ჰო იუნი სტიქიების მენეჯმენტში SAR-ის გამოყენების მთავარი მომხრეა. გასული 15 წლის განმავლობაში, მას SAR-ის მონაცემები გამოყენებული აქვს
ასეულობით სტიქიისას განადგურებული ზონების რუკაზე დასატანად; მათ შორის იყო მიწისძვრები, წყალდიდობები და ტაიფუნები.
NISAR-ს 18 ივნისს გაუშვებენ და ის მნიშვნელოვნად დაეყრდნობა აქამდე გაწეულ შრომას.
NISAR თანამგზავრზე მუშაობა უკვე ათ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და წარმოადგენს დედამიწის ვიზუალიზაციის ერთ-ერთ უძვირეს თანამგზავრს ისტორიაში.
თანამგზავრის მონაცემები თავისუფლად და ღიად გავრცელდება მთელ მსოფლიო. ის ყოველ 12 დღეში ორჯერ გადმოსცემს დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულის ხმელეთისა და ყინულის მაღალი რეზოლუციის ფოტოებს.
მასშტაბით ის ევროპის კოსმოსური სააგენტოს Sentinel-1 SAR თანამგზავრების იქნება. თუმცა, NISAR-ი პირველი თანამგზავრი იქნება, რომელიც ერთის ნაცვლად ორ შემვსებ რადარულ სიხშირეს გამოიყენებს და შეეძლება უფრო მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადაღება, ვიდრე Sentinel-1-ის თანამგზავრებს. ასევე უფრო მაღალი ექნება ანტარქტიდის დაფარვა და გამოიყენებს ისეთ რადარულ სიხშირეებს, რომლებიც ვეგეტაციაში უფრო ღრმად აღწევს.
NISAR თანამგზავრს ასევე გამოიყენებენ ტყის ბიომასის მონიტორინგისთვის. მცენარეულობაში შეღწევისა და წყლის დაფიქსირების უნარი მას დატბორილი მცენარეულობის ზუსტად აღრიცხვის საშუალებასაც მისცემს.
ეს კი მნიშვნელოვანია დედამიწის ჭარბტენიანი ადგილების უკეთესად შესასწავლად —მნიშვნელოვანი ეკოსისტემების, სადაც მაღალია ბიომრავალფეროვნება და აქვს ნახშირბადის შენახვის დიდი ტევადობა.
თანამგზავრი ასევე შეძლებს დედამიწის ზედაპირის სიმაღლეში სანტიმეტრიან და მილიმეტრიან ცვლილებათა დაფიქსირებასაც კი.
NISAR-ი ამ მეთოდის გამოყენებით დააკვირდება დამბების დაძირვას და აღრიცხავს მიწისქვეშა წყლის დონეს. ამავე მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს მიწის მოძრაობას და მიწისძვრისგან, მეწყრისგან და ვულკანთა ამოფრქვევისგან მოყენებულ ზიანს.
ასეთი რუკები სტიქიებზე რეაგირების ჯგუფებს ზიანის უკეთესად შეფასებაში დაეხმარება.
NISAR თანამგზავრი გამოსადეგი იქნება სოფლის მეურნეობაშიც, რადგან აქვს უნიკალური შესაძლებლობა, მაღალი რეზოლუციით შეაფასოს ტენიანობის დონე ნიადაგში ყველანაირ ამინდში.
ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი მონაცემების გამოყენება შესაძლებელია იმის დასადგენად, როდისაა საჭირო მორწყვა, რაც პოტენციურად გაზრდის მოსავლის რაოდენობას.
თანამგზავრს ასევე გამოიყენებენ დედამიწის ყინულის საფარისა და მყინვარების მოძრაობის მეთვალყურეობაში, სანაპირო ხაზის ეროზიის შესასწავლად და ნავთობის გაჟონვის დასაფიქსირებლად.
ამ ძლიერ ამბიციური თანამგზავრისგან მრავალ სარგებელს უნდა ველოდეთ როგორც მეცნიერების, ისე საზოგადოებისთვის.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.