1769187331
მთვარეზე სასტუმრო გაიხსნება? - ნომრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია
კომპანია GRU Space მთვარეზე ერთვარსკვლავიანი სასტუმროს დაჯავშნის შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს. პროექტის მიხედვით, ტურისტების მიღება 2030-იან წლებში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ Ars Technica იუწყება.
სასტუმროს ნომრის დაჯავშნა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი, ხოლო პირველადი შენატანი 250 000-დან 1 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. აღნიშნული თანხა მხოლოდ დაჯავშნის საფასურს მოიცავს და არ მოიცავს ფრენასა და განთავსებას.
GRU Space („გალაქტიკური რესურსების გამოყენება“) სტარტაპია, რომელსაც მხოლოდ ორი სრულ განაკვეთზე დასაქმებული ჰყავს. კომპანია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სკაილერ ჩანმა დააარსა და მას სტარტაპების აქსელერატორი Y Combinator აფინანსებს.
კომპანიის გეგმის მიხედვით, 2029 წელს მთვარეზე გასაბერი სტრუქტურა გაიგზავნება, რომელიც მთვარის გრუნტისგან სამშენებლო აგურების დამზადებას ემსახურება. 2031 წლისთვის სასტუმროს მთვარეზე განთავსებას, ხოლო 2032 წელს ოთხი ტურისტის მიღებას გეგმავენ. თუმცა, რამდენად რეალისტურია ეს გეგმები, კვლავ ღია კითხვად რჩება.











