მეცნიერებმა შექმნეს მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ინსულტის შემდეგ თავის ტვინს იცავს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი

ინსულტი

აშშ-ში მეცნიერებმა შექმნეს ახალი ინექციური ნანომასალა, რომელიც ინსულტის შემდეგ ტვინის დაზიანებას ამცირებს. ინსულტის დროს სისხლის მიმოქცევის აღდგენა სიცოცხლეს გადაარჩენს, მაგრამ ხშირად დამატებით ზიანსაც იწვევს. სწორედ ამისგან დაცვას ემსახურება ახალი მასალა, სახელად IKVAV-PA.

პრეპარატი შედგება „მოცეკვავე მოლეკულებისგან“, რომლებიც ტვინის დაზიანებულ უბნებთან ადვილად ადაპტირდებიან, ამცირებენ ანთებას და ნერვულ უჯრედებს აღდგენაში ეხმარებიან. მისი დიდი უპირატესობაა ის, რომ შეყვანა ხდება პირდაპირ სისხლში და არა ტვინში, რაც უფრო უსაფრთხო და ნაკლებად ინვაზიურია.

თაგვებზე ჩატარებულ ცდებში პრეპარატმა ტვინში წარმატებით შეაღწია, გამოიწვია ნაკლები ანთება, ნაკლები ქსოვილის დაზიანება და პრაქტიკულად არ ჰქონია სერიოზული გვერდითი ეფექტები.

მომავალში ეს მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ინსულტის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, რათა შემცირდეს გართულებები და უნარშეზღუდულობა. თუმცა, ამისთვის ჯერ ადამიანებზე ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ IKVAV-PA მომავალში ინსულტით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და მძიმე შედეგებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.