1782072928
მეცნიერებმა ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს
ირლანდიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბავშვთა სიმსივნის წინააღმდეგ ახალი mRNA ვაქცინის გამოცდის პირველი წარმატებული შედეგები უკვე აქვთ. ვაქცინა მიმართულია ნეირობლასტომის, ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ. კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Molecular Therapy Oncology (MTO).
ბავშვთა ონკოლოგიური სიკვდილიანობის შემთხვევების დაახლოებით 15 პროცენტი სწორედ ნეირობლასტომაზე მოდის, ბევრი პაციენტი კი ცუდად რეაგირებს მკურნალობის არსებულ მეთოდებზე. მკვლევრებმა შექმნეს mRNA-ზე (ინფორმაციულ რნმ-ზე) დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას ეხმარება სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და მათ განადგურებაში. პრეპარატის ტრანსპორტირებისთვის მეცნიერებმა სპეციალური, თვითორგანიზებადი პეპტიდური ნანონაწილაკები გამოიყენეს.
კლინიკამდელ ექსპერიმენტებში ახალმა ვაქცინამ იმედის მომცემი შედეგები აჩვენა:
მან 10–11 დღით შეანელა სიმსივნის განვითარება; მისი ზომა კი დაახლოებით 70 პროცენტით შეამცირა.
იმუნური სისტემის სამიზნედ იქცა ცილა Glypican 2, რომელიც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ნეირობლასტომის უჯრედების ზედაპირზე.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეირობლასტომის წინააღმდეგ. ცილა Glypican 2 გვხვდება ზოგიერთი სხვა სახის კიბოს დროსაც, ამიტომ მომავალში ეს მიდგომა, პოტენციურად, შეიძლება სხვადასხვა სიმსივნის სამკურნალოდაც იქნეს ადაპტირებული.











