კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მსუბუქად სმაც კი ძლიერ ზრდის დემენციის რისკს

ალკოჰოლი

მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც კი ზრდის დემენციის რისკს. ამის შესახებ იუწყება კომბინირებული დაკვირვებითი და გენეტიკური კვლევა, რომელიც ამ დროისათვის უდიდესია ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის.

შედეგები ეწინააღმდეგება წინა კვლევებს, რომლებიც აჩვენებდა, რომ მსუბუქი და ზომიერი სმა შეიძლება კოგნიტური დაქვეითებისგან გვიცავდეს.

ახალი კვლევის ავტორები, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ვარაუდობს, რომ ალკოჰოლზე სრულად უარის თქმა შეიძლება საუკეთესო გზა იყოს ცხოვრებაში მოგვიანებით დემენციის რისკის შესამცირებლად, რადგან ალკოჰოლის მოხმარების ზრდა ემთხვევა ნებისმიერი სახის დემენციის განვითარების ალბათობის ზრდას.

„ჩვენი კვლევის შედეგები ადასტურებს ალკოჰოლის ყველა სახეობის მოხმარების უარყოფით გავლენას დემენციის რისკზე, ვერ მივაგენით მტკიცებულებას, რომელიც მხარს დაუჭერდა ზომიერი სმის დამცავ ეფექტს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ჯგუფმა კვლევა დაიწყო 559 559 ზრდასრულ ადამიანზე ბრიტანეთსა და აშშ-ში, რომლებიც კვლევის დაწყებისას 56-დან 72 წლამდე ასაკის იყვნენ. მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი მათი სმის ჩვევების შესახებ; მათ ჯანმრთელობას კი შემდეგი 15 წლის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ.

კვლევის ეს ნაწილი კლასიკური, U-ს ფორმის გრაფიკით დასრულდა: აჩვენებდა, რომ არამსმელებს და მძიმე მსმელებს დემენციის უმაღლესი რისკი ჰქონდათ. ეს კი ემთხვევა ზოგიერთ წინა კვლევას და თითქოს მიუთითებს, რომ ზომიერი სმა დაკავშირებულია დემენციის ყველაზე დაბალ რისკთან.

თუმცა, მკვლევრები ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში არ არსებობს მსუბუქად სმის დამცველობითი ეფექტი — რომ არამსმელები ხშირად არიან მძიმე მსმელები, რომლებმაც სმას თავი დაანებეს ან ისინი, ვინც სმას მოუკლეს კოგნიტური დაქვეითების ადრეული ეფექტების გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტატისტიკა დამახინჯებულია.

მეტი მტკიცებულების საპოვნელად, კვლევაში ასევე შეისწავლეს 2,4 მილიონი ადამიანის გენეტიკური მონაცემები; დემენციასთან სმის კავშირის ანალიზისთვის გამოიყენეს მენდელის რანდომიზაციის მეთოდი. ეს მიდგომა მუშაობს ალკოჰოლისადმი გენეტიკური მიდრეკილების გამოყენებით და არა ალკოჰოლის მოხმარების ფაქტობრივი ჩვევების შესახებ მონაცემებით — რაც თეორიულად გამორიცხავს სხვა ფაქტორებს, როგორიცაა ცხოვრების წესი ან სიმდიდრე.

ანალიზების ამ ნაწილში, U-ს ფორმა გაქრა. რაც უფრო მაღალია ალკოჰოლის პროგნოზირებული მოხმარება, მით მაღალია დემენციის რისკი, არ ფიქსირდება მრუდის ვარდნა მსუბუქი მსმელებისთვის, რომლებიც ხანდახან სვამდნენ ლუდს ან ჭიქა ღვინოს.

„ალკოჰოლის მოხმარების აშლილობის მქონე პოპულაციის გავრცელების განახევრებამ შესაძლოა დემენციის შემთხვევები 16 პროცენტით შეამციროს, რაც წარმოაჩენს ალკოჰოლის შემცირებას, როგორც პოტენციურ სტრატეგიას დემენციის პრევენციის პოლიტიკაში“, — წერენ მკვლევრები.

გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მკვლევრები ღიად აცნობიერებენ. კვლევის პირველ ნაწილში, სმის ჩვევები მონაწილეთა მიერ თვითმოხსენებული იყო და არა მეცნიერულად დაკვირვებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უზუსტობები.

კვლევის მეორე ნაწილში, მენდელის რანდომიზაცია გამოსადეგი ინსტრუმენტია, მაგრამ მაგრამ ეყრდნობა გენეტიკური მონაცემების დაკავშირებას თვისების ალბათობასთან — ამ შემთხვევაში იმას, რომ ვიღაც სვამს. ეს არ გახლავთ ალკოჰოლის მიღების პირდაპირი ჩანაწერი.

თუმცა, გამომდინარე კვლევის ვრცელი მასშტაბიდან და მრავალი წინა კვლევიდან, რომლებსაც ეს ახალიც მიემატა — მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ რაც უფრო მეტს ვსვამთ, მოგვიანებით ცხოვრებაში მით უფრო იზრდება კოგნიტური დაქვეითებისა და დემენციის შანსები.

„კვლევის არცერთი ნაწილი გადაჭრით არ ამტკიცებს, რომ ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ იწვევს დემენციას. თუმცა, შედეგები ემატება დიდი ოდენობით მსგავს სხვა მონაცემს, რომლებიც აჩვენებს კავშირს ალკოჰოლის მოხმარებასა და დემენციის რისკის ზრდას შორის; და რომ ნეირომეცნიერების ფუნდამენტურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი პირდაპირ ტოქსიკურია ტვინის ნეირონებისთვის“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ტარა სპირს-ჯონსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

კვლევა BMJ Evidence-Based Medicine-ში გამოქვეყნდა.