რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლემ კომპანია „მეტას“ თავის პლატფორმებზე ბავშვებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისად გაფრთხილების გამო დამატებით 567 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს ბავშვთა უსაფრთხოების საკითხზე კომპანიის წინააღმდეგ გამოტანილი ყველაზე მსხვილი ჯარიმაა.
მოსამართლე ბრაიან ბიდშაიდმა განაცხადა, რომ „მეტა“ „საზოგადოებრივ საფრთხეს“ წარმოადგენს, ჰაერის დაბინძურების მსგავსად. მან კომპანიას თანხის სპეციალურ ფონდში გადარიცხვა დაავალა, რომელიც მომავალში მსგავსი ზიანის შემცირებას მოხმარდება.
„ისევე, როგორც ქარხნის მიერ წარმოქმნილმა მავნე დაბინძურებამ შეიძლება საზოგადოებას სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომობის უფლება დაურღვიოს, „მეტას“ პლატფორმების მავნე გავლენაც ბავშვებზე მხოლოდ ამ პლატფორმებით არ შემოიფარგლება. ის მთელ ინტერნეტში ვრცელდება და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, რეალურ ცხოვრებაზეც გადადის. შედეგად, ეს საერთო საზოგადოებრივ ტვირთად და ზიანად იქცევა როგორც დაზარალებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, ისე სკოლებისთვის, საავადმყოფოებისა და სამართალდამცავი უწყებებისთვის“, – წერს მოსამართლე გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმა ემატება იმ 375 მილიონ დოლარს, რომლის გადახდაც „მეტას“ ამავე საქმეზე უკვე ჰქონდა დაკისრებული. შედეგად, კომპანიისთვის დაკისრებული ჯამური თანხის ოდენობამ 942 მილიონ დოლარს მიაღწია.
„მეტას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას აპირებენ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი პლატფორმები უსაფრთხო იყოს მომხმარებლებისთვის. არაერთხელ გვისაუბრია იმ სირთულეებზე, რომლებიც მავნე აქტორებისა და საზიანო კონტენტის გამოვლენასა და წაშლას უკავშირდება. დარწმუნებული ვართ, რომ მოზარდების ონლაინ უსაფრთხოების კუთხით ძლიერი შედეგები გვაქვს და გავაგრძელებთ თავის დაცვას ბრალდებებისგან, რომლებიც ფაქტებს ამახინჯებს“, – განაცხადა „მეტას“ წარმომადგენელმა.
„მეტას“ მიმართ ამჟამად აშშ-ში მსგავსი ბრალდებების გამო ათასობით სარჩელა აღძრული. ნიუ-მექსიკოს სასამართლოს გადაწყვეტილებების გარდა, კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში ლოს-ანჯელესშიც წააგო საქმე, რომელიც მსგავს ბრალდებებს ეხებოდა.