"პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ..." - ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხავნი დაშორდნენ
1753788663
დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე ბევრ რეგიონში იგრძნობა. ახალი კვლევის თანახმად, ამას წელიწადის სეზონებზეც აქვს გავლენა, რადგან ისინი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო.
ზოგადად, სეზონები დედამიწის ღერძის 23.5-გრადუსიანი დახრილობით განპირობებული ტემპერატურული ცვლილებითაა გამოწვეული. ეს იმიტომ, რომ წლის განმავლობაში ზოგი არეალი მზისგან მეტ ენერგიას იღებს,, ზოგი კი — ნაკლებს. მართალია, აღნიშნული დახრილობა ახლაც იგივეა, მაგრამ თავად პლანეტაზე ამინდი ჩვეულ ციკლურ ჩარჩოებში აღარ ჯდება, რაც სწორედ გლობალური დათბობის ბრალია.
ახალ კვლევაში მეცნიერები ამბობენ, რომ სეზონების მახასიათებლები ტრადიციულ დეფინიციებს აღარ შეესაბამება, არამედ სრულიად ახლებურ ნიმუშებს, ე.წ. პატერნებს, მიჰყვება და "კონცეპტუალურად იცვლება". მათ 4 ასეთი "სეზონი" დაასახელეს:
ახალმიღებული — სრულიად ახალი სეზონური ნიმუში, რომელიც აქამდე კონკრეტულ რეგიონში არ არსებობდა;
გამქრალი — ტრადიციული სეზონები, რომლებიც აღარ შეინიშნება ან ძნელად საცნობია;
არითმიული — სეზონური ციკლების ხანგრძლივობის დარღვევა;
ამოვარდნილი — სეზონების მახასიათებლების ან ინტენსივობის არარეგულარული ცვლილებები.
ავტორები სხვა კვლევებსაც ახსენებენ, რომელთა მიხედვითაც ზაფხული ახლა უფრო ცხელი და გრძელია, ვიდრე ადრე. ამის მიზეზი ისევ და ისევ კლიმატის ცვლილებაა. ზამთარიც უფრო თბილი და ხანმოკლე ხდება, გაზაფხულის ამინდები კი ნაადრევად იჩენს თავს.
ასევე. ატლანტისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში "შტორმების სეზონი" გახანგრძლივებულია, როცა კალიფორნიაში "ტყის ხანძრების სეზონი" უკვე თითქმის მთელი წლის განმავლობაშია. საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური) ე.წ. "ნისლის სეზონი" გაჩნდა, რომელიც ტროპიკული ტორფნარების ხანძრებს უკავშირდება.
რა თქმა უნდა, "ახალ სეზონებზე" მსჯელობა არ ნიშნავს, რომ კალენდარი უნდა შეიცვალოს. ეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა ცვლილებებზე ეფექტიანი რეაგირება დროულად მოვასწროთ.