ხასიათის 3 თვისება, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლის ხანგრძლივობა - კველვა

მოხუცები

ახალმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის პიროვნული თვისებები შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ნაადრევი სიკვდილის რისკის განსაზღვრაში, როგორც განათლება, შემოსავალი და სოციალური სტატუსი.

ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს თითქმის 570,000 ადამიანის მონაცემები ოთხ კონტინენტზე, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. ეს კვლევა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა პიროვნებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირის შესასწავლად.

შფოთვა ზრდის სიკვდილის რისკს

კვლევამ აჩვენა, რომ ნევროტიზმი - პიროვნული თვისება, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ემოციურ არასტაბილურობასთან და მუდმივ წუხილთან - მნიშვნელოვნად ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. ნევროტიზმის ყოველი ერთპუნქტიანი ზრდა სიკვდილის რისკს დაახლოებით 3%-ით ზრდის. ეს კავშირი განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა ახალგაზრდებში, რაც მიუთითებს სტრესის გრძელვადიან უარყოფით გავლენას ჯანმრთელობაზე.

დისციპლინა და კომუნიკაბელურობა იცავს ჯანმრთელობას

მეორე მხრივ, მაღალი კეთილსინდისიერება - ორგანიზებულობა, დისციპლინა და მიზანდასახულობა - ყველაზე ძლიერი დამცავი ფაქტორი აღმოჩნდა. ამ თვისების ყოველი ერთპუნქტიანი ზრდა ნაადრევი სიკვდილის რისკს დაახლოებით 10%-ით ამცირებს.

ასევე, კომუნიკაბელურობა დადებითად აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე: მისი ზრდა ადრეული სიკვდილის რისკს დაახლოებით 3%-ით ამცირებს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ავსტრალია.

ყველა თვისებას ერთნაირი გავლენა არ აქვს

კვლევამ ვერ დაადგინა მყარი კავშირი სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ისეთ თვისებებს შორის, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა ან ემოციური რეაქტიულობა, რაც მიუთითებს, რომ ყველა პიროვნული მახასიათებელი ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის.

მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე და გაზარდოს ცნობიერება იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორები ბიოლოგიურ პროცესებსა და ჯანმრთელ ქცევებზე.