ძაღლებში თავის გადახრის ჩვევა მოგონებებს უკავშირდება - კვლევა

ძაღლები

ძაღლებს არაერთი საინტერესო ჩვევა აქვთ და მათი ერთ-ერთი საყვარელი პოზის - თავის გადახრის - შესახებაც ყველამ ვიცით, თუმცა რა არის ამგვარი ქცევის მიზეზი?

წინა კვირას ჟურნალ Animal Cognition-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წამოაყენეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ძაღლებში თავის გადახრა რელევანტური, მნიშვნელოვანი სტიმულის დამუშავებას უკავშირდებოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, თქვენი ძაღლი თავს იმ სიტყვებისა თუ ობიექტების საპასუხოდ ხრიდეს, რომელიც მის ტვინში მოგონებებს აღძრავს - ასეთია, მაგალითად, საყვარელი სათამაშოს სახელი.

მკვლევრებმა ტესტები ჩაატარეს, სადაც ობიექტების დასახელებათა ცოდნა მოწმდებოდა და 40 ძაღლის რეაქციას დააკვირდნენ. მათ შეისწავლეს, ხრიდნენ თუ არა შინაური ცხოველები თავებს მაშინ, როდესაც მფლობელები ვერბალურად სთხოვდნენ, რომ მათთვის ნაცნობი სათამაშო მოეტანათ.

მეცნიერთა ჰიპოთეზა დადასტურდა. სამთვიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა, GWL და ტიპური ძაღლებისათვის ორი სათამაშოს სახელი ესწავლებინათ, GWL ძაღლები ბევრად ხშირად ხრიდნენ თავს ჩვეულებრივებთან შედარებით - 43% 2%-ის პირისპირ. გამომდინარე იქიდან, რომ ნიჭიერი ძაღლები დასახელებებს სწრაფად სწავლობენ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ქცევაში არსებული განსხვავებები შესაძლოა, გაზრდილი ყურადღების ან/და მეხსიერებაში გაჩენილი ასოციაციის შედეგი იყოს, რომელიც ვიზუალური გამოსახულების სახელის გაგონებისას აღმოცენდება.

მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ისტორიაში აქამდე თითქმის არ ყოფილა კვლევა, რომელიც ძაღლებში მხოლოდ და მხოლოდ თავის გადახრის ჩვევას შეისწავლიდა. წინა ახსნების მიხედვით, ისინი ამას სმენის გასაუმჯობესებლად ანდა უბრალოდ დრუნჩებს მიღმა უკეთ დასანახად აკეთებდნენ.

ახალი შედეგები საკმაოდ ამაღელვებელია, თუმცა მკვლევრები დამატებითი კვლევის საჭიროებას უსვამენ ხაზს. საჭიროა ისიც, რომ ამგვარი ჩვევა ძაღლთა სხვადასხვა სახეობებში შეისწავლონ — მოხსენების ფარგლებში გამოკვლეულ შინაურ ცხოველთა დიდი ნაწილი ბორდერ-კოლის ჯიშისა გახლდათ.