1759303322
დადგინდა, რომ რევმატოიდული ართრიტის ნიშნები სიმპტომების გამოჩენამდე წლებით ადრე ჩნდება

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რევმატოიდულ ართრიტს ხშირად წინ უძღვის ჩუმი, უსიმპტომო სტადია. ამ ავტოიმუნური დაავადების ადრეულ სტადიაზე „დაჭერა“ ნიშნავს სახსრების მტკივნეული ანთებისა და დაზიანების შემსუბუქებას ან პროგრესის მთლიანად შეჩერებას.
ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი (RA) უვითარდება, რისკის ქვეშ მყოფად სახსრების ანთების (სინოვიტი) გამოჩენამდე წლებით ადრე მიიჩნევენ სისხლში ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების (ACPA) არსებობის გამო. თუმცა, ეს დაავადება ამ ანტისხეულების მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება და შესაბამისად, ეს მეთოდი ზუსტ პროგნოზად არ ითვლება.
ახალ კვლევაში გამოავლინეს ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც ექიმებს შეეძლებათ დაადგინონ, ვინაა რისკის ქვეშ; ამ ნიშნებს შორის არის ანთებითი ცილები სისხლში და იმუნური უჯრედების (რომლებიც მართავენ რევმატოიდულ ართრიტს) ქცევა.
კვლევა ამერიკელთა ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მკვლევრები ალენის იმუნოლოგიის ინსტიტუტიდან, სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და კოლორადოს უნივერსიტეტიდან.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, რევმატოიდული ართრიტის ანთებითი დაავადება სახსრების აქტიურ ანთებამდე დიდი ხნით ადრე იწყება, უფრო ადრე, ვიდრე კლინიკურად გამოჩნდება. ეს კი ეს გავლენას ახდენს პრევენციული მკურნალობის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილებებზე“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევრები მიჰყვნენ 45 იმ ადამიანის პროგრესს, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნეოდნენ ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების გამო. მათგან 16-ს სრული რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა. საკონტროლო ჯგუფის ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებთან ერთად, ამ კვლევამ მეცნიერებს ბიოლოგიური შედარების მრავალი წერტილი მისცა.
რისკის ქვეშ მყოფ მონაწილეთა სისხლში, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ცილები გაცილებით უხვად და აქტიური იყო, B-უჯრედები (რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნიან) და T-უჯრედები (რომლებიც კოორდინაციას უწევენ B უჯრედებს) კი ავლენდნენ უფრო მაღალი მზადყოფნის ეტაპზე ყოფნის ნიშნებს.
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზთან უფრო ახლოს, გაიზარდა ანთებითი მოქმედებისთვის მზადმყოფი T-ლიმფოციტებისა და B-უჯრედების რაოდენობა, მათ შორის იმ T-ლიმფოციტებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში უფრო ნეიტრალურები არიან. თითქოს იმუნური სისტემა ხედავდა, რა ახლოვდებოდა.
ამ ფუნდამენტური ცვლილებების თვალსაზრისით, გარკვეული გადაფარვა იყო მათ შორის, ვისაც რევმატოიდული ართრიტი განუვითარდათ და მათ, ვისაც არ განუვითარდათ, მაგრამ მოგვცეს მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცევა რისკის ქვეშ ყოფნის ფაზა სრულ კლინიკურ დიაგნოზამდე.
ასეთი შედეგები სრულიად ახალია და შესაბამისად, სამკურნალო საშუალებებიც გზაშია, მაგრამ თუ უფრო მეტი გვეცოდინება იმის შესახებ, როგორ ძლიერდება იმუნური სისტემა და იცვლება მისი აქტივობა რევმატოიდული ართრიტის დაწყებამდე — მკვლევრებს დაეხმარება ამ ცვლილებათა მიზანში ამოღებაში.
რევმატოიდული ართრიტის მაღალი რისკის შემთხვევებში გამოყენებისთვის უკვე არსებობს პრეპარატი; მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ზოგიერთი აქტივობის შექცევას, ისეთის, რაც ახალ კვლევაშიც გამოიკვეთა. ეს კი მომავალში პოტენციური სამკურნალო საშუალებების იმედებს ზრდის.
„ველოდებით, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს მხარს დაუჭერს სხვა კვლევებიც… რათა უკეთესად მოხდეს იმის პროგნოზი, ვის დაემართება რევმატოიდული ართრიტი, გამოვლინდება პოტენციური ბიოლოგიური სამიზნეები ამ დაავადების პრევენციისთვის და სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესებისთვის“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის რევმატოლოგი კევინ დინი.
კვლევა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია alleninstitute.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.