1754511189
ChatGPT-სგან ამიერიდან შეხსენებებს მივიღებთ

OpenAI აცხადებს, რომ ChatGPT ამიერიდან შესვენებისკენ მოგვიწოდებს, როცა საუბარი განსაკუთრებით დიდხანს გაგრძელდება. ინიციატივა კომპანიის მცდელობის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჩატბოტთან უფრო ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეთ.
კომპანიის ბლოგპოსტის მიხედვით, ჩატებში შეხსენებები ამოხტება, ჩატბოტთან საუბრის გასაგრძელებლად კი ეკრანს უნდა დავაჭიროთ.
"უბრალოდ ვამოწმებ. რახანია ჩატაობ — შესვენების დრო ხომ არ არის?", — წერია შეტობინებაში.
ცნობილია, რომ ChatGPT ზოგჯერ ზედმეტად მაამებლურად გვესაუბრება ანდა ინფორმაციას "იგონებს"; ზოგიერთ მომხმარებელში მან შეიძლება არარეალური აზროვნება ან დამაზიანებელი ქცევაც წაახალისოს. ჩატბოტს ყოველთვის არც ის გამოსდის, რომ არაჯანსაღი საუბრები შეაჩეროს. მსგავს შემთხვევებზე ივნისში გამოცემა The New York Times-მა დაწერა.
OpenAI ბლოგპოსტში ამ ხარვეზებს ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, ChatGPT განახლდება და სარისკო გადაწყვეტილებებზე მეტი სიფრთხილით გაგვცემს პასუხებს; ნაცვლად პირდაპირი პასუხისა, ჩატბოტი პრობლემების გააზრებაში დაგვეხმარება — შეკითხვებს დაგვისვამს ან საკითხის დადებითი/უარყოფითი მხარეების სიას შემოგვთავაზებს.
ცხადია, OpenAI-ს სურს, რომ ChatGPT ჩვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო ხელსაწყო იყოს, რომელიც მხარს დაგვიჭერს. მეორე მხრივ, ეს მლიქვნელობის რისკებსაც ზრდის. კომპანიას ამის გამო განახლების გაუქმებაც კი დასჭირვებია.
ChatGPT-სთან საუბრის დროს შესვენებამ, შესაძლოა, მსგავსი პრობლემები შეამციროს. ეს მინიმუმ დროს მაინც მოგვცემს, რომ ჩატბოტის პასუხები გადავამოწმოთ — ანდა უბრალოდ OpenAI-ს პასუხისმგებლობას შეუმცირებს იმ პოტენციურ ზიანზე, რომელიც ბოტთან არაჯანსაღ კომუნიკაციას ახლავს.